ნიდერლანდების მეფე მონებით ვაჭრობაში მისი ქვეყნის როლისთვის ბოდიშს იხდის

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი 1 ივლისს, ამსტერდამში ჰოლანდიის კოლონიებში მონობის გაუქმების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვიდა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა წარსულში მონებით ვაჭრობაში თავისი ქვეყნის ჩართულობის გამო.

56 წლის მონარქმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს თემა მას "პირადად და გულზეც ეხება."

"ტყვეობის ყველა ფორმას შორის, მონობა ყველაზე შეურაცხმყოფელი, ყველაზე დამამცირებელია," - აღნიშნა ვილემ-ალექსანდერმა.

მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მისი წინაპრები არ წასულან ასეთი სისტემის წინააღმდეგ.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამეფოს მთავრობის სახელით ოფიციალურად ბოდიში მოიხადა მონებით ვაჭრობაში მისი ქვეყნის როლის გამო. წარსულში ჰოლანდიურ კოლონიებში მონობა არსებობდა, რასაც რუტემ უწოდა "დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ."  

მე-16 და მე-17 საუკუნეებში ჰოლანდიელმა მონებით თვაჭრებმა აფრიკიდან სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში დაახლოებით 600 000 ადამიანი წაიყვანეს. მე-17 საუკუნეში ნიდერლანდები მსოფლიოს უდიდეს კოლონიალურ სახელმწიფოთა შორის იყო.  

სხვა მსხვილი კოლონიური ძალების - დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ბელგიის მონარქებს, მონობის პოლიტიკის დაგმობის მიუხედავად, ბოდიში არ მოუხდიათ არც მონათმფლობელობისთვის და არც კოლონიზაციის პოლიტიკისთვის.

მსგავსი სიახლეები