NYT: აშშ-ს დაზვერვას მიაჩნია, რომ დუგინას მკვლელობის უკან უკრაინელები იდგნენ

აშშ-ს სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის სახელისუფლებო სტრუქტურები დგანან. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსი პროპაგანდისტისა და 'რუსული სამყაროს' ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომობილი 20 აგვისტოს მოსკოვში ააფეთქეს. 

გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვმია, რომ აშშ-ს სადაზვერვო უწყებებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ ოპერაციის შესახებ და არანაირი ფორმით არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. 

გამოცემის ანონიმური წყაროები ამერიკულ დაზვერვაში ამბობენ, რომ მათ უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება საკითხთან დაკავშირებით - ვაშინგტონში ზოგი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ კიევი ხშირად არ უზიარებს საკუთარ პარტნიორებს სრულ ინფორმაციას მის გეგმებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა მხარეების კოორდინაციაში გარკვეული სირთულეები წარმოქმნას. 

ომის დაწყებიდან უკრაინულმა სპეცსამსახურებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ეფექტური დივერსიული აქტების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა დუგინას მკვლელობა მისი მამის ფიგურისგან გამომდინარე მაინც გამორჩეულად სარისკო ოპერაციად მიიჩნეოდა. 

გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი მოკვლევის შედეგების შესახებ აშშ-ს სადაზვერვო უწყებებმა ადმინისტრაციის წევრებს გასულ კვირას აცნობეს. ამავდროულად გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ ვის შეიძლებოდა გაეცა მსგავსი ოპერაციის სანქცია უკრაინის ხელისუფლებიდან. 

უცნობია იცოდა თუ არა ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ. აშშ-ს სადაზვერვო უწყებები უშვებენ, უკრაინის ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა ოპერაციის მომზადების შესახებ არაფერი იცოდა. 

ამასთანავე, ამერიკელ მაღალჩინოსნებში არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინელების სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო, რომელიც გეგმის თანახმად იმავე მანქანაში უნდა მჯდარიყო. 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, უკმაყოფილების მიუხედავად ამას არ ჰქონია არანაირი გავლენა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო და სადაზვერვო დახმარებაზე. 

თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე ფორმით მონაწილეობას დუგინას მკვლელობაში:

"ჩვენ გვაქვს ბევრი სამიზნე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დუგინა ჩვენი სამიზნე არ ყოფილა", - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი. 

მსგავსი სიახლეები