ომის დაწყების შემდეგ პუტინმა უარი თქვა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე

ომის დაწყების შემდეგ, პუტინის მრჩეველმა და დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების კურატორმა დმიტრი კოზაკმა უკრაინასთან მიაღწია შეთანხმებას ნატოში არ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა პუტინმა შეთანხმებაზე უარი თქვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ დმიტრი კოზაკმა უკრაინულ მხარესთან მიაღწია გარდამავალ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყოდა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე. 

უკრაინის ნატოში არგაწევრიანება და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან არმიახლოება იმ დიპლომატიური მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო, რომელიც წინ უძღოდა ომს. 

უკრაინაში დაბადებული კოზაკი ფიქრობდა, რომ მის მიერ მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილებდა რუსეთის მიერ ოფიციალურად წამოყენებულ მოთხოვნებს და შესაძლებელს გახდიდა დეესკალაციას. 

გამოცემის ინფორმაციით, კოზაკმა შეთანხმება ვლადიმირ პუტინს წარუდგინა და მისი მიღებაც ურჩია, თუმცა ვლადიმირ პუტინმა შეთანხმებაზე უარი თქვა - პუტინმა კოზაკს უთხრა, რომ უკრაინის დათმობები შეცვლილ რეალობაში არ იყო საკმარისი და რუსეთის მიზანი უკრაინული ტერიტორიების ანექსია იყო. 

ამ მომენტიდან კოზაკის მიერ მიღწეული გარიგებამ არსებობა შეწყვიტა. 

Reuters-სთან საუბარში კრემლის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ინფორმაციას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან".

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მოლაპარაკებები არასდროს ყოფილა რუსეთის ინტერესებში და ამას მხოლოდ შეჭრის მოსამზადებლად იყენებდა. 

"24 თებერვლის შემდეგ კრემლმა კოზაკს კარტ-ბლანში მისცა, მას მწვანე შუქი აუნთეს. კოზაკმა შეთანხმებას მიაღწია და ეს შეთანხმება კრემლში მოიტანა სადაც უთხრეს, რომ ყველაფერუ დაევიწყებინა და შეთანხმება  გაეუქმებინა. მას უთხრეს რომ პუტინმა გეგმა შეიცვალა",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

გაურკვეველია შეწყდებოდა თუ არა იმ შემთხვევაში პუტინს კოზაკის მიერ მიღწეული შეთანხმება რომ მიეღო. ასევე უცნობია თუ რა დონეზე იყო ჩართული უკრაინის ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებში. 

კონტექსტი

დმიტრი კოზაკი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და უკრაინის მიმართულების კურატორია. წლების განმავლობაში კოზაკი პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ფიგურად მიიჩნეოდა - ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, სანქ-პეტერბურგის მერიაში მუშაობის წლებიდან იცნობენ. 

2020 წელს სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წასული ვლადისლავ სურკოვისგან კოზაკმა გადაიბარა უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებები მინსკის ფორმატში. 

კოზაკი მონაწილეობდა პუტინის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზეც - 21 თებერვალს კოზაკი იყო ერთადერთი, რომელმაც პუტინს შემდგომი ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

უკვე ომის დაწყების შემდეგ, 27 აპრილს რუსულ მედიაში იწერებოდა, რომ კოზაკს დონბასის კურატორის პოზიციაზე სერგეი კირიენკო შეცვლიდა

ომის დაწყების შემდეგ, დმიტრი კოზაკი მედიასთან არ გამოჩენილა. 

მსგავსი სიახლეები