ოპერაცია 'კიბორჩხლის მახე' - რა ვიცით რუსეთის ფლოტის შტაბზე დარტყმის შესახებ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ 48 საათი გავიდა -  სარაკეტო დარტყმის შედეგების სრული სურათი ამ დრომდე არ გვაქვს. 

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ცნობით, დარტყმის შედეგად მოკლულია შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობაში შემავალი 9 სამხედრო მაღალჩინოსანი. მოსკოვი არ ადასტურებს ცნობებს, თუმცა ამ დრომდე არც ოფიციალური უარყოფით არ გამოსულა. 

ამერიკის ხმის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეტევის შედეგად მძიმედ დაჭრილებს შორის არიან ზაპორიჟიის ფრონტზე ოკუპანტების დაჯგუფების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ რომანჩუკი და გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეცკოვი. 

ამასთანავე, ბუდანოვი არ ადასტურებს შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ხმებს, მისი თქმით, უწყებას რუსი ადმირალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

წყაროები უკრაინის შეიარაღებული ძალებში ამბობენ, რომ სარაკეტო თავდასხმის დროს შტაბში შავი ზღვის ფლოტის მეთაურების თათბირი მიმდინარეობდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმას მხოლოდ ერთხელ, შეტევიდან რამდენიმე საათში გამოეხმაურა - თავდაპირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეტევას 1 სამხედრო ემსხვერპლა, თუმცა მალევე ფორმულირება უგზო-უკვლოდ დაკარგულით შეიცვალა.

საყურადღებოა, ისიც, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მომხდარი თავდასხმა გასული დღეების განმავლობაში არ უხსენებიათ ფედერალური არხების ახალი ამბების გამოშვებებში. 

უკრაინის სპეციალური ძალების ოფიციალურ ტელეგრამ არხებში თავდასხმას "კიბორჩხილის მახეს" სახელით მოიხსენიებენ, რომლის უკანაც უკრაინის სამხედრო-საჰაერო და სპეციალური დანიშნებულების დანაყოფები იდგნენ. 

ამ დროისთვის რუსეთის ფლოტისა და სახმელეთო ძალების მაღალი რანგის მეთაურების დაჭრის ან გარდაცვალების შესახებ სხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. 

კონტექსტი 

ეს არ არის პირველი თავდასხმა შავი ზღვის შტაბის შენობაზე - გასული წლის 31 ივლისს დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე რუსი სამხედრო დაიჭრა. 

ბოლო კვირებში ოკუპირებული ნახევარკუნძულის ჩინოსნები რეგულარულად იტყობიან სარაკეტო და დრონების თავდასხმის შესახებ, მათ შორის სევასტოპოლზეც, სადაც შავი ზღვის ფლოტის შტაბის გარდა არაერთი სამხედრო ობიექტია, მათ შორის აეროდრომები და სამეთაურო პუნქტები. 

20 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი ალბათობით წარმატებული შეტევა განახორციელეს სევასტოპოლის მახლობლად მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საველე სამეთაურო პუნქტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა ადგილის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოები საპირისპიროზე მეტყველებს. 

13 სექტემბერს უკრაინის ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსაშენმა საწარმომ. 

14 სექტემბერს უკრაინული წყაროების ცნობით, კოორდინირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმის დროს განადგურებულია რუსეთის არმიის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400 "Триумф", რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს აღემატება.  

 

მსგავსი სიახლეები