უკრაინის ყველაზე მასშტაბური დარტყმა შავი ზღვის ფლოტზე - რა ვიცით

გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და სცეპსამსახურებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სევასტოპოლის სამხედრო პორტზე ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. 

წარმატებული შეტევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემმა "Минск". გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას უკრაინულმა ძალებმა პირველად შეძლეს ოკუპანტების წყალქვეშა ნავის დაზიანება. 

წინასწარი ცნობებით, შეტევაში მონაწილეობდნენ როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო ძალების დანაყოფებიც.

რა ვიცით 

ოკუპირებული ნახევაკუნძულზე აფეთქების ხმები ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაისმა. უკრაინის არმიის სამიზნედ კი სევასტოპოლში განლაგებული სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემების შემკეთებული უმსხვილესი საწარმო იყო. სწორედ ეს ქარხანა აწარმოებს და არემონტებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსა და წყალქვეშა ნავებს. 

მომხდარს პირველად სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსი მიხაილ რაზვოჟაევი გამოეხმაურა - მისი თქმით, რაკეტა ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. 

მალევე მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უწყებაში განაცხადეს, რომ შეტევა 10 ფრთოსანი რაკეტის მეშვეობით განხორციელდა, საიდანაც 7 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. ხოლო დარჩენილმა რაკეტებმა შავი ზღვის ფლოტის 2 გემი დააზიანეს. უწყების ცნობით, გემები შეტევის მომენტში სარემონტო დოკში იდგნენ. 

ადგილზე გადაღებული ვიდეო კადრებიდან გემთსაშენი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 აფეთქების ხმა ისმის. 

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევაში მონაწილეობდნენ უკრაინის კუთვნილი საზღვაო დრონები. ოფიციალური ვერსიით 3 საზღვაო დრონი რუსეთის საპატრულო გემმა გაანადგურა. 

შეტევას მოგვიანებით გამოეხმაურა უკრაინული მხარეც - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის ცნობით, შეტევის შედეგად მწყობრიდან არის გამოსული 1 გემი და 1 წყალქვეშა ნავი, გარდა ამისა, დაზიანებულია ქარხნის დანადგარები. 

მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშუკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ დარტყმა ავიაციის მეშვეობით განხორციელდა. ამასთანავე ოლეშუკმა გამოიყენა ტერმინი "შტორმი" რაც შესაძლოა ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენებაზე მიანიშნებდეს. 

ამ ტიპის რაკეტების გაშვება მხოლოდ მოდერნიზებული CУ-24-ის ტიპის თვითმფრინავებიდან არის შესაძლებელი. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი Rybar-ის ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადასატვირთად უკრაინულმა არმიამ C-200-ის მოდერნიზებული რაკეტები გამოიყენა.

რა შეიარაღებაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა ყველაზე მასშტაბური შეტევა სევასტოპოლზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. 

სევასტოპოლში განთავსებული სამხედრო ობიექტები ოკუპირებული ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ყველაზე მეტად დაცული რაიონია. კონკრეტულ შედეგებზე და დაზიანების ხარისხზე საუბარი ამ დროისთვის რთულია, თუმცა გავრცელებული კადრებიდანაც ჩანს, რომ შეტევის შედეგად ადგილზე წარმოქმნილი ხანძარი საკმაოდ მასშტაბური იყო და მის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დაჭირდა. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, სარემონტო დოკებში გემები განსაკუთრებით მოწყვლადია, ეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უპირველესად სარემონტო დოკში მყოფ გემებზე არ იმყოფება ეკიპაჟი, რომელიც სხვა დროს მზად არის დარტყმის შედეგებთან გამკლავებისთვის იმუშავოს. თავად გემებზე ხშირად არის განთავსებული სამუშაოებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის აალებადიც, იქნება ეს საღებავი თუ სხვადასხვა ქიმიური ნაზავი. 

რთული სათქმელია, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანებები, რომელიც უშუალოდ ქარხანამ მიიღომ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები პერიოდულად უკრაინული საზღვაო დრონების თავდასხმის ობიექტი ხდება, აღნიშნული საწარმო რუსეთის ლოჯისტიკაში მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსია. 

თავად ის ფაქტი, რომ საწარმოს ორივე სარემონტო დოკში სამხედრო გემები იდგნენ მის საჭიროებაზე და მაღალ მოთხოვნაზე მეტყველებს.

რა ვიცით დაზიანებულ გემებზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია დაზიანებული გემების კლასი და დასახელება. შეტევამდე 24 საათით ადრე საწარმოს სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ მშრალ სარემონტო დოკებში დგას პროექტ 775-ის (Ropucha ნატოს კლასიფიკაციით) დიდი სადესანტო გემი და პროექტ 636-ის (Improved Kilo ნატოს კლასიფიკაციით) წყალქვეშა ნავი. 

მაღალი ალბათობით, საუბარია წყალქვეშა ნავ "Ростов"-ზე, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 6 წყალქვეშა ნავიდან ერთ-ერთია. 

დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავი "Ростов" რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური ნავია, რომელიც ფლოტმა 2014 წელს მიიღო. საყურადღებოა, რომ "Ростов"-ს შეუძლია კალიბრის ტიპის რაკეტების გაშვება, რომელსაც რუსეთის არმია ხშირად იყენებს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. 

გასული წლის მაისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის ფლოტისთვის მეშვიდე წყალქვეშა ნავის გადაცემის შესახებ იუწყებოდა, თუმცა პუბლიკაციების თანახმად ნავი ჯერ კიდევ არ გასულა საბრძოლო მორიგეობაზე. 

რაც შეეხება "Минск"-ს - დიდი სადესანტო გემია, რომელსაც 500 ტონამდე სხვადასხვა სამხედრო შეიარაღების ტარება შეუძლია. გემი აღჭურვილია სხვადასხვა ჰაერსაწინააღმდეგო და რეაქტიული ცეცხლის სისტემებით. გემი 1983 წელს გდანსკის გემთსაშენ საწარმოში აშენდა. 

ომის დაწყების შემდეგ ეს ამ კლასის უკვე მესამე გემია, რომლის დაზიანებაც ან განადგურებაც შეძლეს უკრაინელებმა. ბოლოს ამ კლასის გემი უკრაინულმა საზღვაო დრონებმა 4 აგვისტოს, ნოვოროსიისკის პორტში დააზიანეს

კონტექსტი 

ORYX-ის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინის არმიამ დააზიანა ან გაანადგურა რუსეთის ფლოტის 16 გემი. მათ შორისაა, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი Mосква და დიდი სადესანტო გემი Cаратов. 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე მტკივნეული დარტყმა განხორციელდა გასული წლის ოქტომბერში, მაშინ დაზიანდა 2 სადესანტო გემი, თუმცა ყველაზე რეზულტატიულ დარტყმად ომის დასაწყისში ბერდიანსკის პორტზე განხორციელდა. სწორედ ამ თავდასხმის განადგურდა Cаратов და დაზიანდა კიდევ 2 გემი. 

მსგავსი სიახლეები