ორბანი: ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინაში ომი არ იქნებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, "დღეს რომ დონალდ ტრამპი იყოს ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომი არ იქნებოდა."
ამის შესახებ უნგრული გამოცემა 444.hu წერს.
უნგრეთის პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას ტრამპს მოუწოდა, კენჭი იყაროს და "ამერიკა დიდებული გახადოს."
CPAC-ის კონფერენცია უკვე მეორე წელია ევროპაში ტარდება.
უნგრული გამოცემის 444.hu-ს მიხედვით, მემარჯვენეების საერთაშორისო შეკრებაზე ვიქტორ ორბანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მემარცხენეებმა ვირუსული შეტევა წამოიწყეს მიგრაციით, გენდერის პოლიტიკით და Woke იდეოლოგიით.
ორბანის თქმით, უნგრეთი არის ინკუბატორი, სადაც მომავლის კონსერვატიული პოლიტიკის ტესტირება ხდება. მან აღნიშნა, რომ 2015 წლამდე მსოფლიოში არავინ დაინტერესებულა, რას აკეთებდა უნგრეთის მთავრობა.
უნგრეთის პრემიერი ელის, რომ უახლოეს თვეებში ევროპაში დიდი პოლიტიკური ბრძოლა დაიწყება, რადგან ბრიუსელს ქვეყნებისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ჩამორთმევა სურს.
ამავდრულად, მისი თქმით, რეკონკისტა უკვე დაწყებულია. მან იტალიის, პოლონეთისა და ისრაელის მთავრობები მემარჯვენეების მნიშვნელოვან მოკავშირეებს შორის დაასახელა.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.