პალესტინურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩინეთის ერთიანობის დეკლარაცია მიიღეს

პალესტინურმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა ჩინეთის მედიაციით, ერთიანობის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდამ შეთანხმებას "პეკინის დეკლარაცია" უწოდა. 

ხელმომწერებს შორის არიან მთავარი პალესტინური ჯგუფები - ფათჰი და ჰამასი. დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შეთანხმებას ისტორიული უწოდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - "მიღწეულია კონსენსუსი ეროვნული რეკონსილაციის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც ომის შემდეგ ღაზას ჩაუდგება სათავეში. ეს არის ისტორიული დღე პალესტინის გათავისუფლების საქმეში."

მხარეების მიერ მიღებული დეკლარაცია მომავალში ღაზაში, დასავლეთ ნაპირსა და იერუსალიმში პალესტინის ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებას და გენერალური არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. 

კონტექსტი 

კომენტატორები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის მიერ პალესტინური პოლიტიკური დაჯგუფებებს შორის მედიაციას ნაკლებად ექნება რეალური ეფექტი, თუმცა ამით ჩინეთი აჩვენებს საკუთარი დიპლომატიური გავლენის ზრდას მსოფლიოს იმ რეგიონში, რომელიც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატების დომინაციის სფეროდ მიიჩნეოდა. 

ჩინური მედიაციის წარმატებაში ეჭვი ეპარებათ პალესტინელ ანალიტიკოსებსაც, მათი თქმით, 2007 წლის შემდეგ ჰამასსა და ფათჰს შორის ჯამურად 14 ასეთ დეკლარაციას მოეწერა ხელი, თუმცა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. 

ცოტა ხნის წინ პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა ჰამასი ღაზაში ომის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ხოლო ჰამასმა პალესტინური ადმინისტრაცია ისრაელის მხარდაჭერაში. 

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი შეეცდება დეკლარაცია დიდ დიპლომატიურ წარმატებად გაყიდოს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გასულ წელს ჩინეთის მედიაციით ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ ირანი და საუდის არაბეთი. 

 

მსგავსი სიახლეები