ბოლსონარუს შესაძლოა „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის“ ბრალი წაუყენონ
ბრაზილიის სენატის საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა პანდემიის მართვისას დაშვებული შეცდომების გამო, რამაც ათასობით ბრაზილიელის სიცოცხლე შეიწირა, პასუხი „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“ უნდა აგოს.
ჟაირ ბოლსონარუს ბრალი ცხრა სხვადასხვა მუხლით უნდა წაუყენონ, მათ შორის შარლატანობისა და დანაშაულის წაქეზებისთვის, წერია 1200-გვერდიან მოკვლევაში, რომელიც ექვსთვიან საპარლამენტო გამოძიებას ეყრდნობა.
"ბრაზილიელების „ჟლეტისთვის“ ვინმემ პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა, სენატორმა რენან კალეიროსმა.
ბოლსონარუ ბრალდებებს უარყოფს და გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ბრაზილიის პირველი პირი, რომელიც პანდემიის მიმართ ზერელე დამოკიდებულებითაა ცნობილი, ხშირად გამოსულა საყოველთაო ვაქცინაციის, საკარანტინო ზომებისა და პირბადეების ტარების წინააღმდეგ.
დოკუმენტს ახლა კენჭი სენატის კომისიამ უნდა უყაროს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში საქმის გამოძიება ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს მოუწევს.
კორონავირუსმა 600 000-ზე მეტი ბრაზილიელი იმსხვერპლა, რაც აშშ-ს შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.