პატრუშევმა Nord Stream-ის აფეთქებებში ბრიტანეთი დაადანაშაულა

Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენების აფეთქებებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ 3 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

ამის მტკიცებულება, მისი თქმით, არის ტექსტური შეტყობინება "ეს შესრულებულია", რომელიც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ლიზ ტრასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გაზსადენის აფეთქების შემდეგ მალევე გაუგზავნა. განცხადება მან მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრის დროს გააკეთა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ბრიტანეთის პრემიერის ტელეფონის გატეხვის შემდეგ, ტვიტერზე მომხმარებელმა კიმ დოტკომმა გამოაქვეყნა "ტრასის მიერ ბლინკენისთვის გაგზავნილი SMS". სააგენტო მას ახალ ზელანდიაში მცხოვრებ გერმანელ-ფინელ ბიზნესმენს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ბრალი ედება რეკეტში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში და აშშ-ს ხელისუფლება მის ექსტრადიციას ითხოვს.

მანამდე, რუსეთმა ბრიტანეთს ბრალი დასდო 29 ოქტომბერს სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე უპილოტო გემებით თავდასხმაში მონაწილეობაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ის უკრაინის საზღვაო ძალების 73-ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის ჯარისკაცებმა ჩაატარეს და ოპერაცია სავარაუდოდ "ბრიტანელი სპეციალისტების" ხელმძღვანელობით ქალაქი ოჩაკოვში, მიკოლაევის ოლქში მზადდებოდა.

ლონდონმა ამ განცხადებას "ეპიკური მასშტაბის სიცრუე" უწოდა.

მსგავსი სიახლეები