პენტაგონი: ფრონტის ხაზთან უკრაინას უფრო მეტი ტანკი ჰყავს, ვიდრე რუსეთს
საომარი მოქმედებების ზონაში დროისთვის უკრაინას რუსეთზე მეტი ტანკი ჰყავს. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ყოველდღიურ ანონიმურ ბრიფინგზე განაცხადეს.
პენტაგონის მაღალჩინოსნის სიტყვებს Washington Post ავრცელებს.
"ამ დროისთვის უკრაინელებს უფრო მეტი ტანკი ჰყავთ, ვიდრე რუსებს და რასაკვირველია მათ აქვთ სრული უფლება მისი გამოყენების", - აღნიშნულია გაზეთის მიერ გავრცელებულ მასალაში.
პენტაგონის ჩინოვნიკის თქმით, ჯავშანტექნიკის კუთხით ბალანსი უკრაინის მხარეს მას შემდეგ შეიცვალა, რაც აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფოებმა მის საკუთრებაში არსებული საბჭოთა წარმოების [T-72] გადასცეს.
ჯერჯერობით უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ოფიციალურად მხოლოდ ჩეხეთმა დაადასტურა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უკრაინას თავისი ტანკების ნაწილი გადასცა პოლონეთმა და სლოვენიამაც.
ამავდროულად პენტაგონში არ დაუკონკრეტებიათ ტანკების რაოდენობა - ომის დაწყებამდე კონსენსუსური შეფასებით მიიჩნეოდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სულ 120 ტაქტიკური დაჯგუფება განათავსა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ენციკლოპედიის მიხედვით თითო ასეთ ჯგუფში 1-2 სატანკო დანაყოფია, ხოლო თითო დანაყოფში 10 ტანკია. ამგვარად, ომის დაწყებამდე რუსეთს უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჰყავდა 1 200-დან 1 400 ტანკამდე.
სხვადასხვა შეფასებით რუსეთის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში ჯამურად 10 ათასამდე ტანკია.
რაც შეეხება უკრაინას - სხვადასხვა შეფასებით ომის დაწყებამდე უკრაინის არმიის განკარგულებაში 800-დან 2 600-მდე ტანკი იყო.
თავის მხრივ, აშშ-ს თავდაცვის უწყების ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ტანკების რაოდენობაში უპირატესობა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რადგანაც რუსეთი თავისი რესურსის გადაჯგუფებას ახდენს დონბასისა და უკრაინის სამხრეთ სანაპიროს მიმართულებით.