პენტაგონი: რუსეთმა მობილიზებული ძალების 95% აამოქმედა, წინსვლა არ აქვთ
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში გამართული ბრიფინგის მთავარი თემა კვლავ უკრაინაში მიმდინარ ომი იყო. ამგვარ ბრიფინგებს პენტაგონის მაღალჩინოსნები ატარებენ და მათი ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის, ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მერვე მსგავსი ბრიფინგია.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთმა უკვე უკრაინაში შეიყვანა და აამოქმედა მანამდე საზღვრის გასწვრივ მობილიზებული სამხედრო ნაწილების 95%. ამის მიუხედავად, აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ოკუპანტებს არ ჰქონიათ არსებითი წინსვლა.
კიევისკენ დაძრული 64 კილომეტრიანი კოლონა კვლავ გაჩერებულია, ბევრი სამხედრო ექსპერტის და დამკვირვებლის აზრით, კოლონა ტალახშია გაჭედილი და უკვე ამოწურა საწვავის მარაგი და წინსვლა უბრალოდ არ შეუძლია.
სხვა მნიშვნელოვანი აქცენტები პენტაგონის ბრიფინგიდან:
- ოდესის რაიონში დესანტის გადასხმა ჯერ ვერ ხერხდება და არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით არც იგეგმება;
- რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალები კვლავ ვერ აკონტროლებენ უკრაინის ცას - საქმეში რჩება უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, მუშაობს ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამავდროულად დანაკარგები ავიაციასა და ანტი-საჰაერო თავდაცვაში ორივე მხარეს არსებითია;
- პენტაგონი ჯერჯერობით არ ფლობს მტკიცებულებას რუსეთის მიერ კასეტური ბომბებისა და თერმობარული დანადგარების გამოყენების შესახებ;
- ჯერჯერობით უწყებაში ვერ ადასტურებენ ხმებს იმის შესახებ, რომ რუსეთში რეზერვისტების გაწვევა დაიწყო;