Politico: ტრამპის ემისრები კონტაქტში არიან უკრაინელ ოპოზიციონერებთან

ვოლოდიმირ ზელენსკიზე წნეხის გასაზრდელად დონალდ ტრამპის წარმომადგენლები უკრაინელ ოპოზიციონერებთან კონტაქტირებენ - ტრამპის გარემოცვაში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ზელენსკი დამარცხდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

State Of Play: გამოცემის წყაროების ცნობით, ძირითად უკრაინელ ოპოზიციონებთან კონტაქტზე არიან, ტაკერ კარლსონი, ასევე დონალდ ტრამპ უმცროსი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი - ჩამოთვლილი პერსონებიდან ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში ოფიციალური როლი მხოლოდ უკანასკნელს აქვს. 

  • "ისინი ზელენსკის აღიქვამენ როგორც ბარიერს. როგორ უნდა გახადო ზელენსკი უფრო მოქნილი? თქვენ უნდა ესაუბროთ მის პოლიტიკურ ოპონენტებს და აჩვენო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში სხვა შესაძლო პარტნიორები ჰყავს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში საგარეო პოლიტიკის რესპუბლიკელი ექსპერტი. 

  • ამასთანავე წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და მის გარემოცვას არასწორად ესმით უკრაინაში შექმნილი ვითარება - "ვფიქრობ, რომ ტრამპის აღქმა დელუზიურია, მათ არ ესმით რა ხდება უკრაინაში."
  • საყურადღებოა, რომ გასული კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციასთან წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე ზელენსკის მხარდაჭერის მაჩვენებელი კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით 63%-მდე გაიზარდა. 

  • გასულ კვირებში Politico წერდა, რომ ტრამპის წარმომადგენლები პეტრო პოროშენკოსა და იულია ტიმოშენკოს შეხვდნენ. 

Big Picture: მასალის ავტორის შეფასებით, ტრამპის გარემოცვა შესაძლოა დელუზიურად აფასებდეს ვლადიმირ პუტინსაც. 

  • "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტყვედ აყვანით პუტინი ცდილობს ტრამპს თავს მოახვიოს მისთვის ხელსაყრელი პირობები, სანამ ზარბაზნები სროლას შეწყვეტენ. პუტინის ეს პირობები თუ მიღებული იქნება ის მიაღწევს მის მთავარ მიზანს - დაიმორჩილოს უკრაინა და შეინარჩუნოს რუსეთის გავლენის სფეროში. 

Context: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მთავარი შედეგი, ამ დროისთვის, ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავი ზღვის აკვატორიაში 30-დღიანი ზავი მიიჩნევა. 

  • კრემლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზში ჩანს, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო წინაპირობად უკრაინის სამხედრო დახმარების გაუქმება იყო დასახელებული. 

  • თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, მოლაპარაკებები ზავის ორგანიზების საკითხზე ახლო აღმოსავლეთში დაუყოვნებლივ დაიწყება. 

  • პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგებს უკვე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი; პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას. ამასთანავე, ზელენსკიმ უკვე დაგეგმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი. 

  • საყურადღებოა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის იდეა თავდაპირველად კიევმა გააჟღერა - დასავლური მედიის ცნობით, გასული წლის ზაფხულში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ინიციატივა კურსკში უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიბლოკა. 

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცნობით, ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მომდევნო შეხვედრა ერ-რიადში 23 მარტს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები