პოლონეთმა გერმანიას Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა სთხოვა

პოლონეთმა ოფიციალურად სთხოვა გერმანიას ნებართვა Leopard-ის ტიპის ტანკების რეექსპორტისთვის უკრაინაში. 

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მორავიეცკის თქმით, გერმანიისგან უარის შემთხვევაშიც კი პოლონეთი თავისი შეხედულების მიხედვით იმოქმედებს და შეეცდება უკრაინას ტანკები მცირე კოალიციის ფარგლებში გადასცეს. 

კონტექსტი 

პოლონეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადება - სატელევიზიო ინტერვიუში ბერბოკმა განაცხადა, რომ თუ მოკავშირეები მათ საკუთრებაში არსებული ტანკების უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართავენ, გერმანია დაბრკოლებას არ შექმნის. 

20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა გერმანიისგან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას ითხოვს. 10 იანვარს POLiTICO წერდა, რომ საფრანგეთი და პოლონეთი გერმანიაზე დიპლომატიურ ზეწოლას ცდილობდნენ. 

წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო დღეებში - უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემის მზაობის შესახებ უკვე განაცხდეს პოლონეთის და ფინეთის ლიდერებმა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამისთვის გერმანიის თანხმობა დაჭირდებათ, რადგანაც ტანკები გერმანული წარმოებისაა. 

მიუხედავად ამისა, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთის Leopard-ებს უკრაინა გერმანიის თანხმობის გარეშეც მიიღებს. თავის მხრივ უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ურკაინას თავისი წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკებს გადასცემს, ხოლო საფრანგეთი მსუბუქი ტიპის ტანკების გადაცემას დათანხმდა

მსგავსი სიახლეები