სუნაკის კანცლერიამ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის კანცელარიამ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინისთვის მძიმე საბრძოლო ტანკების გადაცემას გეგმავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს. 

კანცელარიის წარმომადგენელმა გაზეთთან საუბარში თქვა, რომ პრემიერმა სუნაკმა თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს პარტნიორებთან კოორდინაციის გააქტიურება სთხოვა, რათა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საქმე უფრო სწრაფად წავიდეს წინ. 

"ჩვენ ვასწრაფებთ უკრაინის მხარდაჭერას უახლოსი ტექნოლოგიების გადაცემით, ტექნოლოგიების, რომლებიც უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ცალსახაა, რომ საბრძოლო ტანკების გადაცემა უკრაინას თამაშის წესების შეცვლაში დაეხმარება",- ამბობს სუნაკის კანცელარიის წარმომადგენელი. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ტანკებზეა საუბარი.

კონტექსტი

ცოტა ხნის წინ ლვივში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში პოლონეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. ამგვარად ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა დასავლური წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკს მიიღებს. 

იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის საკუთარი წარმოების Challenger 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავდა Sky News 9 იანვარს იტყობინებოდა

 

მსგავსი სიახლეები