პოლონეთში წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
2 მაისს პოლონეთში 2023 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები - Anakonda 23 დაიწყო. ამ ინფორმაციას პოლონური ტელევიზია TVN24 ავრცელებს.
წვრთნებში 12 000 პოლონელი ჯარისკაცი მონაწილეობს, ასევე რამდენიმე ასეული ჯარისკაცი - ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიდან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორებიდან, მათ შორის: შეერთებული შტატები, რუმინეთი, სლოვენია, შვედეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და თურქეთი.
წვრთნები არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ შვედეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ჩატარდება.
ჯერ კიდევ გასულ კვირას პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში დასახლებების ქუჩები შეიძლება დროებით დაიბლოკოს M1 Abrams-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო. წვრთნების ჩატარების კონკრეტული ადგილი განცხადებაში დაზუსტებული არ არის.
Anakonda-სთვის მზადება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ნატოს პარტნიორებმა ახალი გამოწვევების გამო სწავლების კონცეფცია შეცვალეს.