პორტუგალიის პარლამენტმა პარასკევს ევთანაზიის ლეგალიზებას მხარი მეორედ დაუჭირა. ამის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოთქმული შენიშვნები იყო, რამაც კანონში შესწორებების შეტანა გამოიწვია.
ევთანაზია შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის იქნება, ვისაც განუკურნებელი დაავადებები აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის პირველი ვერსია ბუნდოვნად მიიჩნია.
კანონის მეორედ მიღების მიუხედავად, პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ შეიძლება მას ვეტო დაადოს და დამატებითი განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნოს.
პორტუგალიის გარდა, ევთანაზია ლეგალური ესპანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და კანადაშია.
პარლამენტში ევთანაზიის ლეგალიზებას მხარი სოციალისტურმა და ლიბერალურმა პარტიებმა დაუჭირეს, პორტუგალიის კომუნისტური პარტია კი ლეგალიზების წინააღმდეგია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პორტუგალიის მოსახლეობის 60% ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერს.