პორტუგალიის არჩევნებში სოციალისტებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს
30 იანვარს გამართულ პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა.
სოციალისტებს, რომლებსაც ხმათა 41,7 % ერგოთ, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია მოსდევს, რომელსაც ნდობა ამომრჩეველთა 28 %-მა გამოუცხადა.
„პორტუგალიელებმა დაადასტურეს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოციალისტური მთავრობის ხილვა სურთ... მათ სტაბილურობა და უსაფრთხოება სურთ იხილონ“, - განაცხადა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოშტამ, რომელიც, სავარაუდოდ, თანამდებობაზე უკვე მესამე ვადით დარჩება.
სოციალისტებს, რომლებიც რესპუბლიკის ასამბლეაში (პორტუგალიის პარლამენტი) 230-დან 117 მანდატს აკონტროლებენ, მთავრობის შექმნა დამოუკიდებლად შეეძლებათ.
მანამდე, 2015 წლიდან დღემდე, კოშტა უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობდა, რომელსაც მხარს ორი რადიკალური მემარცხენე პარტია უჭერდა.
მემარცხენე ბანაკთან ერთად, წარმატება იზეიმეს ულტრამემარჯვენეების რიგებში.
1974 წელს, პორტუგალიის დიქტატორ ანტონიო სალაზარის რეჟიმის დამხობის შემდეგ, კვირას გამართულ არჩევნებში მათ ყველაზე შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს. რადიკალურმა მემარჯვენე პარტია ჩეგამ ხმათა 7 %-ის მოპოვება მოახერხა და პარლამენტში 12 კანონმდებელს შეიყვანს.