პრიგოჟინი შოიგუს და გერასიმოვს მიმართავს: გთხოვთ, ფლანგებს ნუ დათმობთ
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრით უკან დაიხიეს.
ამის შესახებ "ვაგნერის" კერძო სამხედრო დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისი განცხადების აუდიოჩანაწერი 18 მაისს Telegram-ზე გამოქვეყნდა.
"სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ბახმუტიდან ჩრდილოეთით, 570 მეტრით უკან დაიხიეს, რითაც ჩვენი ფლანგები მოაშიშვლეს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართავ, რადგან ჩემ წერილებს არ კითხულობენ. თხოვნა მაქვს თქვენთან, ვალერი ვასილიევიჩ [გერასიმოვი], სერგეი კოჟუგეტოვიჩ [შოიგუ], გთხოვთ, ნუ დათმობთ ფლანგებს, არ დათმოთ საკოს და ვანცეტის დასახლებები. კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდით. გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ, რათა ფლანგები არ მოშიშვლდეს", - მოუწოდა მათ პრიგოჟინმა.
16 მაისს ბახმუტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი ეწვია. მან განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტში ისე შევიდნენ, როგორც ვირთხები ხაფანგში.
17 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეინარჩუნეს ბახმუტის გარეუბანში რამდენიმე დღეში განთავისუფლებული თითქმის 20 კმ².