პროცესორების მწარმოებლებმა AMD და Intel-მა რუსეთში ექსპორტი შეაჩერეს
პროცესორების უმსხვილესმა მწარმოებლებმა AMD და Intel-მა რუსეთში თავისი პროდუქციის ექსპორტი შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ბიზნეს გამოცემა RBC თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით გადაწყვეტილების შესახებ კომპანიებმა უკვე აცნობეს, მათ რუს პარტნიორებს. გარდა ამისა, მსგავსი გზავნილი მოვიდა ჩინეთიდანაც, სადაც რუს პარტნიორებს განუცხადეს, რომ სათავო ოფისი მათ პროცესორების რუსეთში ექსპორტს უკრძალავს.
Intel-ის რუსულ ოფისში არაფერს ამბობენ, ექსპორტის შეჩერებაზე, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან შექმნილ ვითარებას და შეცვლილ სასანქციო რეჟიმს.
კომენტარზე უარი თქვა AMD-ის რუსული ოფისის წარმომადგენელმა.
25 თებერვალს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც სხვა ზომებთან ერთად რუსეთში მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
ამ ახალი სანქციების მიზეზი ცხადია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაა. დადგენილების მიხედვით შეზღუდვები მიმდინარე წლის 3 მარტიდან ამოქმედდება და მოიცავს ელექტრონიკას, კომპიუტერებს, ავიონიკას, აეროკოსმოსური მშენებლობის კომპონენტებს და სხვა ტიპის პროდუქციის შეზღუდვებს.