პუტინი: დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმა არის ნატოს მონაწილეობა ომში
უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ომში ნატოს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას ნიშნავს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия 1-ის კორესპონდენტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში 12 სექტემბერს განაცხადა.
მისი თქმით, კიევი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს მსგავს დარტყმებს, რადგან ამისთვის მას დასჭირდება თანამგზავრების მონაცემები, რაც უკრაინას არ გააჩნია. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ "მხოლოდ ნატოს სამხედრო პერსონალს შეუძლია ამ სარაკეტო სისტემების გასროლა."
ვლადიმერ პუტინმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმის შესაძლო ნებართვის გაცემას "კონცეფციების ჩანაცვლება" უწოდა.
"ეს არ არის იმის უფლება, რომ უკრაინის რეჟიმმა რუსეთს ამ იარაღით დაარტყას. საუბარია იმაზე, რომ ნატოს ქვეყნები უშუალოდ არიან ჩართულნი სამხედრო კონფლიქტში თუ არა. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატოს ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში "ამ კონფლიქტის არსი" შეიცვლება და რუსეთი "მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის შეიქმნება," - განმარტა მან.
The Guardian-მა 11 სექტემბერს, ბრიტანეთის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაუშვას უკრაინის მიერ Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ რაკეტების გამოყენება, სავარაუდოდ, შეზღუდვებს დაექვემდებარება "არასაჭირო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად."