პუტინს ლუგანსკის ოლქის შენარჩუნება უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე სამხრეთ უკრაინის - ISW

ლუგანსკის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

ანალიტიკოსების აზრით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანთან საოკუპაციო ძალების დამარცხება იმაზე მეტყველებს, რომ პუტინისთვის ლუგანსკის ოლქის დაცვა ნაკლებად პრიორიტეტილია, ვიდრე სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები. კერძოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში დანაკარგების მიუხედავად, რუსული ჯარები აგრძელებენ პოზიციების განმტკიცებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

ISW თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც კუპიანსკში, ხარკოვის რეგიონსა და ლიმანში დაუცველი ფრონტის ხაზები არ გააძლიერდა, სავარაუდოდ, პირადად მიიღო პუტინმა და არა რუსეთის სამხედრო სარდლობამ.

1 ოქტომბერს საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დროშა უკვე ლიმანში ფრიალებს, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. იმავე დღეს პრეზიდენტის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანი მთლიანად გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები