ყოფილი ამერიკელი სპეცრაზმელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს
ამერიკის არმიის სპეცრაზმის, "მწვანე ბერეტების" ყოფილი ჯარისკაცი პიტერ დებინსი შპიონაჟისთვის 15 წლით დააპატიმრეს. მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სამხედრო საიდუმლოებებს რუსეთს აწვდიდა.
მოსამართლე კლოდ ჰილტონმა ბრალდებულს 15 წელი და 8 თვე მიუსაჯა. პროკურატურა სასამართლოს 17 წლიან პატიმრობას სთხოვდა, ადვოკატები კი 5 წელს ითხოვდნენ.
ადვოკატმა დავიდ ბენოვიცმა განაცხადა, რომ დებინსმა ამერიკას მინიმალური ზიანი მიაყენა და მას რუსი აგენტები აშანტაჟებდნენ მისი ჰომოსექსუალობის გასაჯაროებით.
დებინსმა სასამართლოზე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ GRU-ს მსხვერპლია.
“მე მარტოსული, სიჩუმეში ვიტანჯებოდი 25 წლის განმავლობაში, - თქვა დებინსმა - GRU არ იმუქრება, ისინი პირობებს ასრულებენ.”
საპასუხოდ, პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დებინსს არაფერი უთქვამს FBI-სთვის მის წინააღმდეგ მიმდინარე შანტაჟზე.
ყოფილი სპეცრაზმელი შარშან აგვისტოში დააპატიმრეს. პროკურატურის ცნობებით ყოფილმა “მწვანე ბერეტმა” რუსულ სპეცსამსახურებს სამსახური თავად შესთავაზა.
“დებინსს სჯეროდა, რომ ამერიკა ზედმეტად დომინანტი იყო მსოფლიოში და მისი გავლენა უნდა შემცირებულიყო”, - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
ბრალდების მიხედვით, დებინსის დედა საბჭოთა კავშირში დაიბადა, თვითონ კი მის ცოლს რუსეთში, ჩელიაბინსკში მოგზაურობისას შეხვდა. ისინი 1997 წელს დაქორწინდნენ.
სპეცრაზმში სამსახურისას დებინსს ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო და განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე.
1998 წელს ის "მწვანე ბერეტების" ქიმიური თავდაცვის შენაერთთან ერთად სამხრეთ კორეაში მსახურობდა. შემდგომში სპეცრაზმთან ერთად აზერბაიჯანსა და საქართველოშიც იმყოფებოდა. პროკურატურამ აღმოაჩინა, რომ დებინსი მოსკოვს ინფორმაციას სწორედ ამ შენაერთების შესახებ აწვდიდა - მათ შორის, ოფიცრების სახელებს.
კომანდოსი 2008 წელს გადადგა, მაგრამ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კონტაქტი შემდეგ წლებშიც გააგრძელა.
წყარო:
bbc.com/russian