Reuters: აშშ უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას გეგმავს
ბაიდენის ადმინისტრაცია სამხედრო დახმარების შემდგომ პაკეტში უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემას გეგმავს - საუბარია GLSDB-ის თვითდამიზნებად რაკეტებზე, რომელიც 150 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადმინისტრაციაში 2 წყაროს დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის მოცულობა 2.2 მილიარდი დოლარი იქნება. საბრძოლო მასალებთან, ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა მომდევნო პაკეტში უკრაინა პირველად მიიღებს შორი მოქმედების რაკეტებს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ითხოვს.
კონტექსტი
GLSDB-ის ტიპის რაკეტები შვედურ-ამერიკული კოოპერაციის პროდუქტია და წარმოადგენს თვითდამიზნებად რაკეტას, რომელსაც 150 კილომეტრის რადიუსში მოძრავი სამიზნეების მაღალი სიზუსტით განადგურება შეუძლია. მნიშნლევანია, რომ რაკეტები სრულად თავსებადია უკრაინის განკარგულებაში არსებულ HIMARS-ებთან და ამ ტიპის რაკეტების გასაშვებად ყველაზე ხშირად სწორედ HIMARS-ის გამშვებ დანადგარებს იყენებენ.
ამ დრომდე დასავლეთი უკრაინას მაქსიმუმ 80 კილომეტრის რადიუსის რაკეტებს გადასცემდა.
უკრაინელები დიდი ხანია აშშ-ს შორის რადიუსის რაკეტებს და კერძოდ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს თხოვენ, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია თავს იკავებდა, რასაც კონფლიქტის ესკალაციის საშიშროებით ხსნიდა. ამ ტიპის რაკეტების რადიუსი 300 კილომეტრია.
Reuters-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის შესახებ თეთრი სახლი მიმდინარე კვირაშივე გამოაცხადებს.