რეზნიკოვი რუს სამხედროებს: მარტივ გასეირნებას დაგპირდნენ, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი თავის ჯართან ერთად იმყოფება და რეგულარულად სტუმრობს ფრონტს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბუნკერში იმალება, იმის ნაცვლად, რომ თავის თავზე მიიღოს დარტყმა უკრაინაში არასწორი მიზეზით გაგზავნილ რუს სამხედროებთან ერთად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთის არმიისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მარტივ გასეირნებას დაგპირდნენ. მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის არ ათავისუფლებთ. თქვენ ანგრევთ მთელ ქალაქებს, სადაც ბოლო დრომდე ითვლებოდით კეთილ მეზობლებად და რუსულად ლაპარაკობდნენ. ახლა კი მტრობა დაითესა მომავალ თაობებში", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ახლა, მისი თქმით, კრემლი არ უსმენს რუს სამხედროებს.

"რადგან ახლა თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას. მოსკოვში კი არ მოსწონთ სიმართლე. მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ დაიღუპეთ გმირულად ნატოს გამოგონილ ლაშქარებთან ბრძოლაში. ნატოს ქვეყნები გვაწვდიან იარაღს. მართალია. მაგრამ ამ იარაღით უკრაინელი ჯარისკაცები გესვრიან და თქვენ იცით ამის შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

"უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტს სტუმრობს. იქნება ეს თავდასხმის ქვეშ მყოფი ლისიჩანსკი თუ გათავისუფლებული იზუმი. მე თვითონ არაერთხელ გადამიცია ჯილდოები და სამხედრო იარაღი საუკეთესო ჯარისკაცებისთვის პირდაპირ სანგრებში. ეს ჩემთვის პატივია. ჩვენი პრეზიდენტი თავის ჯართანაა. სად არის თქვენი? ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიგო, რომ აქ არ გამოუგზავნიხართ სამართლიანი საქმისთვის სასიკვდილოდ. იქნებ ამიტომაა, რომ თქვენი [პრეზიდენტი] ბუნკერში იმალება და თქვენს გვერდით არ იღებს დარტყმებს? მას ეშინია თქვენი გამჭრიახობის, ზიზღისა და თქვენი გამართლებული ბრაზის", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინელმა მინისტრმა დასძინა, რომ "არავინ დაელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს რუსეთს". რეზნიკოვმა განმარტა, რომ ეს ნათლად თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები