რიგგარეშე არჩევნები სერბეთში - მოკლე მიმოხილვა
სერბეთში 17 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ სროლებს ჯამში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, სახელწოდებით - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, მოიცვა.
განათლების მინისტრის, ბრანკო რუჟიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ალექსანდარ ვულინის გადადგომას მოითხოვნით დაწყებული გამოსვლები, სერბეთის პრეზიდენტის, ალქსანდრ ვუჩიჩისა და მისი მოკავშირებიის მხირდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებაზე სასტიკი უარის მიღების შემდეგ, მასშტაბურ ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.
სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტია“
„სერბეთის პროგრესული პარტია“ 2008 წელს „რადიკალური პარტიიდან“ გაძევებულმა ტიმოსლავ ნიკოლიჩმა შექმნა და მას მალევე ალექსანდრ ვუჩიჩიც შეუერთდა. ახლადჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გაერთიანებას რეიტინგის ზრდის შესაძლებლობა 2011 წელს მიეცა, როდესაც სათავეში ჩაუდგა მაშინდელი მმართველი კოალიციის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.
მოქმედი კოალიციური მთავრობის კრიტიკამ, ასევე კორუფციის აღმოფხვრისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების დაპირებამ, „პროგრესულ პარტიას“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.
2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.
- 2012 წელი - 58 მანდატი;
- 2014 წელი - 128 მანდატი;
- 2016 წელი - 93 მანდარტი;
- 2020 წელი - 157 მანდატი;
- 2022 წელი - 95 მანდატი.
ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძალაუფლების განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლა, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრა, ოპონენტების დევნა, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება და ა.შ. დაიწყო, რის გამოც ქვეყანა ამ წლების განმავლობაში არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
ოპოზიციური კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“
2023 წლის ოქტომბერში 15 პრო-ევროპული და ანტი-კორუფციული პოლიტიკური გაერთიანება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „პროგრესული პარტიის“ დამარცხების მიზნით გაერთიანდა და ოპოზიციური კოალიცია შექმნა.
ოპოზიციური კოალიციის „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ წევრები არიან: “დემოკრატიული პარტია - DS“, „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია - SSP“, „თავისუფალ მოქალაქეთა მოძრაობა - PSG“, „მწვანე - მემარცხენე ფრონტი - ZLF“, „ერთად - Zajedno“, „სერბეთის სახალხო მოძრაობა - NPS“, „თავისუფალ მოქალაქეთა მოძრაობა - PSG“, „ეკოლოგიური აჯანყება - EU“, “მოძრაობა შებრუნებისთვის - PZP“, „სერბეთის გაერთიანებული პროფკავშირები - USS Sloga“, „სამშობლო“, „მოძრაობა თავისუფალი სერბეთისთვის - PSS“, „სერბეთის ახალი სახე - NLS“, „სერბეთის ცენტრი - SRCE“, „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია - GDP“, „რუმინელთა პარტია - PR“ და „პროგრესული ვოევოდინას ქმედება - APV“.
ზემოაღნიშნულ კოალიციაში შემავალმა პოლიტიკური გაერთიანებებების უმრავლესობამ 2018 წლის შემოდგომაზე „ალიანსი სერბეთისთვის“ ჩამოაყალიბა. ალიანსის სიმტკიცეს პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო არაერთხელ შეექმნა საფრთხე 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ორ ნაწილადაც გაიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა კოალიციამ მეორე ადგილზე გასვლა და 250 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 38 მანდატის მოპოვება შეძლო.
რა მოლოდინები არსებობს 17 დეკემბრის არჩევნებთან დაკავშირებით?
სერბეთის ეროვნული ასამბლეა 250 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის 126 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
„პროგრესულ პარტიას“ ხელისუფლების ყველა შტოს დამორჩილების, ოპონენტების დევნისა და შეუზღუდავი ძალაუფლების გამოყენებით არჩევნებში გამარჯვების მოპოვება არ უჭირს. გარდა ამისა, აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან მუდმივი კოალიციური პარტნიორების დახმარებით, სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების პრობლემა არასოდეს შექმნია.
მმართველ ძალასა და მის ოპონენტებს შორის რესურსების ფლობის თვალსაზრისით დიდი სხვაობაა, შესაბამისად ოპოზიციური კოალიცია ძირითად აქცენტს დედაქალაქ ბელგრადზე აკეთებს. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელშიც ბელგრადში ოპოზიციურმა ფლანგმა უფრო მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე მმართველმა გუნდმა, ნათლად გამოჩნდა, რომ „პროგრესული პარტიის“ წინააღმდეგ გაერთიანება წარმატების მომტანია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 17 დეკემბრის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მოულოდნელად დაინიშნა, რის გამოც ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის ძალიან მცირე დრო ჰქონდათ, გარდა ამისა, ოპონენტების ფრაგმენტულობის, შიდა პარტიული დაპირისპირების, სიმტკიცის ნაკლებობის, რესურსების არქონის გამო მმართველი გუნდი გაცილებით უფრო მომგებიან პოზიციაში იმყოფება.