როგორ გაწირა ვლადიმირ პუტინმა ბაშარ ასადი

2017 წელს ვლადიმირ პუტინი ხმეიმიმის სამხედრო აეროდრომზე 2-წლიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად "ტერორისტების წინააღმდეგ მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების" გამოსაცხადებლად ჩავიდა. 

"თუ კი ტერორისტები ისევ წამოყოფენ თავს, ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, რომელიც აქამდე არ უნახავთ"- ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი. 

ბოლო 10 დღის განმავლობაში სირიაში განვითარებული მოვლენები ყველაზე ნაკლებად მოგვაგონებდა ვლადიმირ პუტინის ამ სიტყვებს. 

რიტორიკა

29 ნოემბერს აჯანყებულების იერიშის მესამე დღეს კრემლმა ალეპოზე მიმდინარე იერიში სირიის სუვერინიტეტზე თავდასხმად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ სირიის ხელისუფლება აღადგენდა კონსტიტუციურ წესრიგს. 

აქედან კიდევ 3 დღეში პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობდა: ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბაშარ ასადის მხარდაჭერას. 

3 დეკემბერს ვლადიმირ პუტინი რეჯეფ თაიპ ერდოღანს ესაუბრა და განუცხადა, რომ აუცილებელია ტერორისტული აგრესიის მაქსიმალურად სწრაფად აღკვეთა და პროცესში მონაწილე აქტორების ჩართულობა სირიაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. 

4 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა - "ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ, სირიის ხელმძღვანელობას ამ რთულ ვითარებაში."

7 დეკემბერს რუსეთის საგარემო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია დახმარებას უწევს ასადის სამთავრობო ძალებს - "ჩვენ საჰაერო-კოსმოსური ძალები ეხმარებიან სირიის მთავრობას ტერორისტების იერიშის მოგერიებაში."

სინამდვილეში 

28 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ დაიწყო აჯანყებულების პოზიციების დაბომბვა, იმავე დღეს კონფლიქტის მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ცნობით, საავიაციო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია "400-ზე მეტი ბოევიკი." 

რუსეთის ავიაციის აქტიურობა კიდევ უფრო გაიზარდა 30 ნოემბერს მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა ალეპო დაიკავეს. "თეთრი ჩაფხუტების" მონიტორინგის მისიის ცნობით, მხოლოდ 2 დეკემბერს რუსეთის საავიაციო დარტყმებს იდლიბში 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

იმავე დღეს, გავრცელდა ცნობები, რომ ბაშარ ასადი საგანგებოდ მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გამოფრინდა, რუსეთის პრეზიდენტი ამ დღეს ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა. 

ასადისა და პუტინის შეხვედრა საბოლოოდ 29 ნოემბერს შედგა, თუმცა კრემლის პრესსამსახურმა "პოლიტიკური მიზანშეწონილობის" მიზეზით უარი თქვა შეხვედრის პრეს-რელიზის გავრცელებაზე. პუტინისა და ასადის შეხვედრის შესახებ კომენტირებისგან თავი შეიკავა დმიტრი პესკოვმა. 

6 დეკემბერს Sky News-ის არაბული სამსახური საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ კრემლმა ასადს განუცხადა, რომ "მათი დახმარება შეზღუდული იქნებოდა, რადგანაც კრემლს სხვა პრიორიტეტები აქვს. 

იმავე დღეს Bloomberg კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთს არ აქვს ასადის რეჟიმის გადარჩენის გეგმა და ვერ ხედავს ამგვარი გეგმის გამოჩენის შესაძლებლობას, სანამ სირიული არმია გარბის. 

7 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც კრემლისგან დახმარება ვერ მიიღო ბაშარ ასადმა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამდგომლობით წინადადება გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 

ასადი აშშ-ს პირობას აძლევდა, რომ ამერიკული დახმარების სანაცვლოდ შეწყვეტდა თანამშრომლობას ჰეზბოლასთან. 

გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპთან შუამდგომლობა სთხოვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსაც. სირიაში განვითარებულ მოვლენებზე საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერდა, რომ რუსეთს უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო აღარ შეუძლია ასადის დაცვა და რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები არ არის აშშ-ს საქმე. 

თუმცა, უკვე OSINT ანალიტიკოსებმა ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან ევაკუაციის დაწყების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 3 დეკემბერს აღმოაჩინეს. 

ცნობილია, რომ ტარტუსის ბაზა უკვე დატოვა რუსეთის 3-მა სამხედრო გემმა, გარდა ამისა ხმეიმიმის სამხედრო აეროდრომზე რუსეთის სამხედრო-სატრანსაპორტო თვითმფრინავები გამოჩნდა, რაც ასევე მოახლოებულ ევაკუაციაზე მეტყველებს. 

კვანძის გახსნა

ასადის რეჟიმის გამაოგნებლად სწრაფი დამხობას მოუმზადებლად შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ჯერ, კიდევ 8 დეკემბერს სერგეი ლავროვი აჯანყებულებს ტერორისტებს უწოდებდა, ხოლო МИД-ის განცხადებაში საუბარია "სირიულ ოპოზიციაზე."

ამავე განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი არ მონაწილეობდა ასადსა და აჯანყებულებს შორის მიმდინარე საბოლოო მოლაპარაკებებში. 

9 დეკემბერს საღამოს საათებში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (TАСС) გაავრცელა ცნობები, რომ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩავიდა, რაც რუსეთზე დამოკიდებული სხვა მოკავშიირების ბედის გათვალისწინებით, ალბათ არ არის ყველაზე ცუდი ფინალი სირიის დიქტატორისთვის. 

 

მსგავსი სიახლეები