საქართველოდან დანახული ირანის ომი - გია ნოდიას მოსაზრება

ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ანალიტიკოსმა აქაურ „ბაბლს“ გვისაყვედურა: რატომ არ განვიხილავდით ისრაელის და ამერიკის ომს ირანის წინააღმდეგ კონკრეტულად საქართველოს ინტერესების კუთხით?
ამით ალბათ მიგვანიშნებდა, რომ მოვლენებისადმი მთლად ადეკვატური დამოკიდებულება არ გვაქვს, თუმცა არ დაუზუსტებია, რაშია შეცდომა. მაგრამ საკითხის დაყენება ნებისმიერ შემთხვევაში სწორია. ირანი ჩვენს სამეზობლოშია, ბუნებრივია დაგვეშვა, რომ ომის შედეგები ჩვენზეც აისახებოდა.
ამ კითხვაზე პასუხს შევეცდები. თუმცა მაინც იმის ანალიზით უნდა დავიწყო, რა მოხდა ამ ომში.
ომის უშუალო შედეგი
ომი დამთავრდა, თუმცა ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგები ვიცით. ამერიკამ და ისრაელმა მოიგეს, ხოლო ირანმა წააგო. ირანის ბირთვული პროგრამა, სულ მცირე, სერიოზულად დაზიანდა. დიდია რეპუტაციული ზიანიც: ირანი ვერაფერს გახდა პატარა ისრაელის წინააღმდეგ, ხოლო ამერიკის აგრესიაზე მხოლოდ სიმბოლური პასუხის გაცემა გაბედა. ამას წინ უძღოდა მისი სატელიტების - ჰამასის, ჰეზბოლას, სირიის ალავიტური რეჟიმის განადგურება. მისი ელიტის არჩეულმა სტრატეგიამ კრახი განიცადა.
ისრაელმა, სულ მცირე, დრო მოიგო ღაზას სექტორში და ზოგადად რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად. მან დაადასტურა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეჭვის ქვეშ აყენებდნენ. მისი წონა და რეპუტაცია გაიზარდა.
ამერიკამ აჩვენა, რომ სულაც არ იკეტება თავის ნაჭუჭში, რასაც ასევე ცოტა ხნის წინ ბევრი ფიქრობდა. მან „კბილები გამოაჩინა“, თუმცა თავიდან აიცილა ომის გაჭიანურება (რასაც ჯერ კიდევ სამი დღის წინ შიშობდნენ) და ომი სწრაფად დაასრულა.
გლობალური კუთხით რომ შევხედოთ, ეს იყო თავისუფალი სამყაროს გამარჯვება მასთან დაპირისპირებულ ობსკურანტისტულ რეჟიმზე. ალექსანდრ დუგინის და ჩვენი მთავრობის ენაზე რომ ვთქვათ, „დიფ სტეიტმა“ ისევ გაიმარჯვა. პირადად ჩემთვის ეს საკმარისია, რომ შედეგს მივესალმო.
რა შეიცვალა სტრატეგიულად?
მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება? სანამ მოვლენები ვითარდებოდა, პესიმისტები „მესამე მსოფლიო ომზე“ ლაპარაკობდნენ, ოპტიმისტები კი - ეპოქალურ გარდატეხაზე. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ორივე გადაჭარბებულია.
ომის უშუალო მიზეზს, ირანის ბირთვულ პროგრამას რომ შევხედოთ, რეალური შედეგი ზუსტად არ ვიცით. უეჭველია, რომ მან სერიოზული ზარალი განიცადა, მაგრამ მაინც რამდენად დიდი, ამაზე საქმის მცოდნე ხალხს ერთიანი აზრი არა აქვს. ბირთვული ირანის საფრთხე დღის წესრიგში რჩება, თუმცა მან დროში გაურკვეველი ვადით გადაიწია.
არსებითი ცვლილება იქნებოდა ირანში რეჟიმის შეცვლა. ეს არ მოხდა და, ჯერჯერობით, პირი არ უჩანს. ისრაელის და, რაღაც მომენტში, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ამაზე ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა. გარედან დაბომბვით პოლიტიკური რეჟიმები არ იცვლება.
ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ დამამცირებელ სამხედრო მარცხს შიდა არეულობა და რეჟიმის ცვლა მოყოლია. ვერ გამოვრიცხავთ, ეს შედეგი ირანშიც მივიღოთ. მაგრამ ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ ასეთი რამის წინასწარმეტყველება რთულია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ რეჟიმი მყარად დგას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა გავლენა რუსეთზე და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს ამ ეტაპზე მოაკლდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. მან კიდევ ერთხელ მიიღო რეპუტაციული ზიანი - დადასტურდა. რომ მისი მოკავშირეობა არავის არაფერში ადგება. მაგრამ სტრატეგიული გავლენა ირანის დასუსტებას რუსეთზე და მის ომზე არ ექნება.
ასე რომ, 12-დღიანი ომის შედეგი კარგი ამბავია, მაგრამ ეს ტაქტიკური კარგი ამბავია. როგორ ჩაჯდება ეს ეპიზოდი გლობალური პოლიტიკური დაპირისპირებების კონტექსტში, არ ვიცით.
მთავრობის ინტერესი და ეროვნული ინტერესი
აქ ჩვენი კონტექსტისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გადახვევა უნდა გავაკეთო. ქვეყნის და მისი მთავრობის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. როცა ომში გამარჯვებაზე თუ მარცხზე ვსაუბრობთ, ხანდახან უნდა დავაზუსტოთ, მთავრობის მოგება-წაგებას ვგულისხმობთ თუ ქვეყნისას.
არც ისრაელის და არც ამერიკის შემთხვევაში ამ მხრივ წინააღმდეგობა არ არის. პოლიტიკის კანონია, რომ საგარეო-პოლიტიკურ წარმატებას ქვეყნების ლიდერები შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში „ქულების დასაწერად“ იყენებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 12-დღიანი ომის შედეგი გააძლიერებს დონალდ ტრამპს ამერიკაში და ბენიამინ ნეტანიაჰუს ისრაელში.
ამ პოლიტიკოსებს, მათ ქვეყნებშიც და გარეთაც, ბევრი ძალიან უარყოფითად უყურებს. არც მე ვარ თაყვანისმცელემთა რიგებში. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს ომი პირველ რიგში, ისრაელის და ამერიკის გამარჯვებაა და მხოლოდ ამის შემდეგ - ნეტანიაჰუს და ტრამპის.
სრულიად სხვა შემთხვევაა ირანი. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა არა ამერიკა ან ისრაელი, არამედ მისი მმართველი რეჟიმი. ავტორიტარული ხელისუფლებაც შეიძლება, ქვეყნის ინტერესებზე რეალურად ზრუნავდეს, მაგრამ ეს ირანს არ ეხება. აიათოლებმა თავისი ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს, რაც ამ ომმაც დაადასტურა.
ისლამისტურმა იდეოლოგიამ, რომელმაც თავის დროზე ხალხის დიდი ნაწილის მობილიზაცია მოახდინა, მორალურად თავი ამოწურა. ამით ირანი 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირს ჰგავს, სადაც კომუნიზმის პრაქტიკულად აღარავის სჯეროდა. დღევანდელ ირანში ისლამიზმი მაინც უფრო ძლიერია, ვიდრე გვიან საბჭოთა კავშირში მარქსიზმი იყო, მაგრამ ის რეჟიმის მთავარი საყრდენი აღარაა: ასეთია რეპრესიული აპარატი და ეკონომიკური ინტერესები.
ძალიან ბევრი ირანელის თვალში, ეს ომი მმართველი რეჟიმის დასუსტების და, საუკეთესო შემთხვევაში, შეცვლის შანსია - რომელიც ან განხორციელდება, ან არა.
(საინტერესოა, რომ ამ მხრივ ირანელები განსხვავდებიან რუსებისგან: ამ უკანასკნელთა გაცილებით მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინის მარცხი მათი ქვეყნის გამარჯვება იქნებოდა).
ტრამპის მიერ ირანელებისთვის შეთავაზებული სლოგანი, Make Iran Great Again („აღადგინე ირანის სიდიადე“) სერიოზულად თითქმის არავინ მიიღო და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ არსებითად, ტრამპს ტყუილი არ უთქვამს: ირანის, როგორც დიადი და საამაყო ქვეყნის აღორძინების პერსპექტივა რეჟიმის ცვლილებაზე გადის. ირანის პატრიოტი პირველ რიგში ამას უნდა ესწრაფვოდეს.
ქართული ინტერესი
ეს ყველაფერი გვამზადებს, ვუპასუხოთ კითხვას: რა შეიძლება იყოს საქართველოს ინტერესი ამ ომის და მისი შედეგების მიმართ.
დავიწყოთ იმის თქმით, რომ ასეთი გამაერთიანებელი ინტერესი უბრალოდ არ არსებობს. არის ქვეყნის ინტერესი და მმართველი რეჟიმის ინტერესი. ისინი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.უშუალო გავლენა ამ ომს ჩვენზე არ ჰქონია და ეს მოსალოდნელი არც ყოფილა. ის რომც გაჭიანურებულიყო, მასში საქართველოს მაინც არავინ ჩაითრევდა. თუ ვინმეს ეშინოდა, რომ საქართველოს საზღვრებს ირანელ ლტოლვილთა არმია მოადგებოდა (სომხეთის გავლით), ეს თეორიულ დაშვებად დარჩა. ომის შედეგმა რუსეთი რამდენადმე დაასუსტა - მაგრამ არც ისე, რომ ეს ჩვენზე აისახოს.
თუ მმართველ რეჟიმზე ვილაპარაკებთ, ირანი მისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე არ ყოფილა, მაგრამ მაინც უფრო მოკავშირე იყო, ვიდრე პირიქით. რეჟიმის მთავარი მტერია დემოკრატიული დასავლეთი, მტრის მტერი კი მისიანია. ომის შედეგი რეჟიმისთვის არასასიამოვნოა, მაგრამ შიდა ძალთა ბალანსში ეს არაფერს ცვლის.
მეორეს მხრივ, თუ ამ სტრიქონების ავტორს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის ინტერესი სწორად გვესმის, დასავლეთის თუნდაც მცირე გამარჯვება უნდა გვიხაროდეს. გლობალურ სისტემაში, სადაც დემოკრატიული სამყარო „რესანტიმანით“ შეპყრობილ (ქართულად - „დაბოღმილ“) დიქტატურებზე ძლიერია, ჩვენც მეტი შანსი გვაქვს, სუვერენული და წარმატებული ქვეყანა გვქონდეს (თუმცა ამის გარანტია არც ამ შემთხვევაში იარსებებს).
ამიტომ ბუნებრივი და სწორია, რომ ისრაელს და ამერიკას ვგულშემატკივრობდით. მაგრამ მათი ამ დონის წარმატება ვერაფერს გვიშველის. მოგვწონს თუ არა ამის აღიარება, ჩვენი მდგომარეობა ამ ეტაპზე ირანელებისას ჰგავს.
ასე რომ, ქართული ლიბერალური „ბაბლის“ დამოკიდებულება ამ ომის მიმართ არსებითად ადეკვატური იყო. თუნდაც კავკასიის მთების ძირში მიჭუჭყნულ პროვინციალებად წარმოვისახოთ თავი, ჩვენი ბედი გლობალურ პროცესებთან გადახლართული რჩება. მათი ზოგადი მიმართულება ისევე გაურკვეველია, როგორც ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა.
_____________________________________________________________
მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.
სტატიის ავტორია გია ნოდია ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.