რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ
ბელარუსი რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს ჩაატარებს.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, ვიქტარ ხრენინის განცხადებით, ერთობლივი წვრთნები „ბელარუსის დასავლეთით და სამხრეთით სამხედრო მობილიზაციის“ საპასუხოდ ტარდება.
ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მობილიზაცია შეინიშნება რუსეთ-უკრაინის საზღვართან.
ბელარუსის რეჟიმის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში მხარს ამ უკანასკნელს დაუჭერს.
„ყველასთვის ცხადია, ვის მხარეს დაიჭერს ბელარუსი“, - თქვა ლუკაშენკამ.
2017 წლიდან პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ნატოს საბრძოლო ბატალიონები დგას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სამხედრო ალიანსმა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ მიიღო.