რუსეთი, სანქციების გვერდის ავლით, ყაზახეთიდან დრონებს ყიდულობს

რუსეთი, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ყოველთვიურად ყიდულობს მილიონობით დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენ აპარატებს და მიკროელექტრონულ ტექნიკას.

ამის შესახებ Важные истории-ს, Der Spiegel-ის და OCCRP-ის გამოძიებაში ვკითხულობთ.

მათი მონაცემებით, ყაზახური კომპანია Аспан арба, რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მის პარტნიორ რუსულ კომპანია Небесная механика-ს იგივე ადამიანები ფლობენ. სწორედ ამ კომპანიისგან ყიდულობს დრონებს შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანთა რეგიონალური ფედერაცია Рысь, ომისა და შრომის ვეტერანთა კამჩატკის რეგიონალური საბჭო, ასევე მაღაზია Ozon, სადაც დრონებს რუსი სამხედროები ყიდულობენ.

გამოძიება ასევე წერს, რომ ელექტრონიკის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები რუსეთში იმპორტირებულია კომპანია Stack-ის მიერ, რომელიც გერმანულ ჩიპებს ყაზახური კომპანია Da Group 22-ისგან ყიდულობს. Stack-ის, Da Group 22-ის და გერმანელი დისტრიბუტორის მფლობელები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ყაზახეთში ინტეგრირებული სქემების იმპორტის მოცულობა გაორმაგდა - $35 მილიონიდან $75 მილიონამდე, ხოლო ყაზახეთიდან რუსეთში მიკროსქემების მიწოდების მოცულობა - $245 000-დან $18 მილიონამდე. 

რაც შეეხება დრონებს, 2021 წელს ისინი საერთოდ არ ჩანდნენ იმპორტ-ექსპორტის შესახებ ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ანგარიშში, მაგრამ 2022 წელს ყაზახეთმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების დრონები შემოიტანა, საიდანაც რუსეთში 1.23 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენი აპარატები შევიდა.

მსგავსი სიახლეები