რუსეთის იერიშმა ხარკივის ოლქში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია
რუსეთის საოკუპაციო არმიის იერიში ხარკივის ოლქში ბოლო დღეებში პრაქტიკულად შეჩერებულია, რუსეთის არმიას შესამჩნევი წინსვლა არ აქვს ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის არმიის იერიშმა ხარკივის ოლქში ჯერჯერობით ვერ მიაღწია ვერც პირველად და ვერც მეორეულ მიზანს ფრონტის ხაზის გაწელვით დაესუსტებინა ЗСУ-ს დაცვა დონეცკის ოლქში. ჯერჯერობით მიუღწეველია ხარკივის ოლქში განვითარებული იერიშის მთავარი დეკლალირებული მიზანიც, რომელიც ვლადიმირ პუტინის თქმით, ბელგოროდის ირგვლივ ე.წ. სანიტარული ზონის შექმნაში მდგომარეობდა.
რუსეთის არმიის იერიში ხარკივის მიმართულებით 10 მაისს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მათ 174 კვ/კმ ტერიტორია დაიკავეს, თუმცა წინსვლის უდიდესი ნაწილი იერიშის პირველ 72 საათში განხორციელდა - უკანასკნელი 9 დღის განმავლობაში საოკუპაციო არმიას პრაქტიკულად არანაირი წინსვლა არ ჰქონია. მეტიც, 20 მაისიდან მოყოლებული რუსეთის არმიამ ხარკივის ოლქში რამდენიმე პოზიცია დაკარგა კიდეც.
ფრონტის სტაბილიზების მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პერიოდულად ახალი დასახლებული პუნქტების დაკავების შესახებ იუწყება. 21-29 მაისის პერიოდში რუსებმა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე რუსები 6 დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ განაცხადეს. ეს განცხადებები არ დასტურდება უკრაინელებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონაცემებით, მათი მიხედვით ამ დასახლებების უმეტესი ნაწილი ე.წ. ნაცრისფერი ზონაა, ნაწილს კი კვლავ უკრაინული ძალები აკონტროლებენ.
ფრონტის ხაზის გაწელვის მიუხედავად რუსეთის წინსვლის ტემპი შემცირებულია ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის დონეცკის ოლქშიც, რომლის სრული ოკუპაციაც რუსეთის გაცხადებული მიზანია.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ხარკივში რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ЗСУ-ს პოზიციების დასუსტებას მიიჩნევდნენ. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ვითარების სტაბილიზაციისთვის ხარკივში დამატებითი სამხედრო დანაყოფები სხვა მიმართულებებიდან გადაესროლა, მაგრამ ჯერჯერობით ისინი მაინც ახერხებენ სხვა მიმართულებებზე ფრონტის შენარჩუნებას.
ჯერჯერობით რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი კვლავ დაბალია ავდიივკისა და ჩასოვ იარის მიმართულებით. ხარკივის ოლქის სიღრმეში რუსეთის მაქსიმალური წინსვლა ამ დროისთვის 5-6 კილომეტრის ფარგლებშია, აქედან გამომდინარე მიუღწეველია ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნის მიზანიც. ამაზე მეტყველებს ბელგოროდის მიმართულებით უკრაინელთა სარაკეტო და საარტილერიო შეტევები.
ჟურნალ The Economist-ის ცნობით, რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშის ერთ-ერთი მიზანი ქალაქ ხარკივის ნაწილობრივი ალყა და კუპიანკსში ЗСУ-ს გარნიზონის ზურგში მოქცევა იყო - ეს მიზნებიც არ არის მიღწეული.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას არ ჰქონდა გათვლილი, რომ ქალაქ ვოლჩანსკში მძიმე პოზიციური ბრძოლების გამართვა მოუწევდა.
ამავე ქალაქში უკრაინელთა მიერ დატყვებებული რუსი ოფიცერის ჩვენების მიხედვით, ხელმძღვანელობდა გეგმავდა ქალაქის 2 დღეში დაკავებას.
დამოუკიდებელი წყაროების დათვლით ხარკივის ოლქში იერიშის დაწყების შემდეგ რუსეთმა 307 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა, მათ შორის 66 ტანკი, 98 ჯავშანტრანსპორტიორი და 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
იმავე Oryx-ის შეფასებით უკრაინელთა დანაკარგები დროის იგივე მონაკვეთში 141 ერთეულია - 29 ტანკი, 14 ჯავშანტრანსპორტიორი და 13 ქვეითთა საბრძოლო მანქანა.