რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაკიივკაზე ყალბი განცხადების გამო აკრიტიკებენ - ISW
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასობრივად გააკრიტიკეს სოციალურ ქსელებში კრამატორსკში "საპასუხო ოპერაციის" შესახებ ყალბი განცხადების გამო.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ რუსულმა ჯარებმა მაკიივკაში რუსეთის პოზიციებზე უკრაინის თავდასხმას უპასუხეს, შემდგომ უკმაყოფილებას იწვევს რუსეთის საინფორმაციო სივრცეში" - აცხადებენ ანალიტიკოსები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა 8 იანვარს განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ჩაატარა ე.წ. "საპასუხო ოპერაცია", რათა შური ეძია მაკიივკაში რუსი ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვის გამო. ამ ოპერაციის შედეგად, კონაშენკოვის თქმით, დაობომბა უკრაინის სამხედრო განლაგების პუნქტები კრამატორსკში და სავარაუდოდ 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება უარყვეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ასევე უცხოელმა ჟურნალისტებმა.
"რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი უარყოფითად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და აღნიშნა, რომ სამინისტრო ხშირად აკეთებს ცრუ განცხადებებს და გააკრიტიკეს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა სიუჟეტის შეთხზვისთვის, თითქოს "შური იძიეს" მაკიივკაზე დარტყმაზე. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიღებულ ზარალზე პასუხისმგებლობა აეღო", - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
1 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "გამათბობელ მოწყობილობებთან უყურადღებო მოპყრობის, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის, დაუდგენელ ადგილას მოწევის" შედეგად, 400-მდე მობილიზებული რუსი სამხედრო დაიღუპა.