ტყვეობიდან გამოხსნილმა მარიუპოლის მცველმა მარიანამა მამონოვამ იმშობიარა

21 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მარიანა მამონოვამ იმშობიარა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "აზოვსტალის მცველების ოჯახის ასოციაცია" ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 25 სექტემბერს დილის 4 საათზე მარია მამონოვას გოგონა შეეძინა. 

კონტექსტი

მარიანა მამონოვამ ტერნოპოლის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა კიევის სამხედრო აკადემიაში გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ, მამონოვა ამჟამად ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში გაგზავნეს, სადაც 3 წლის განმავლობაში მუშაობდა და სამედიცინო ოფიცრის წოდებაც მიიღო. 

ომის დაწყების მომენტში მარიანა მარიუპოლში იმყოფებოდა. არსებული ცნობებით საკუთარი ორსულობის შესახებ მამონოვამ უკვე ალყაში მოქცეულ ილიჩის სახელობის მეტალურგიულ კომბინატში ყოფნისას გაიგო. ოჯახმა მამონოვას ორსულობის შესახებ უფრო გვიან გაიგო. 

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ომის დაწყების შემდეგ მარიანასთან კონტაქტი იშვიათად გამოდიოდა, მათ ტყვეობაში მოხვედრამდე ბოლო კომუნიკაცია 12 მარტს შედგა. მამონოვა ტყვედ 4 აპრილს აიყვანეს. 

თანამებრძოლები ყვებიან, რომ ფეხმძიმობის მიუხედავად მამონოვა არ შეუწყვეტია დაჭრილების და დაშავებულების დახმარება. 

მისი ტყვეობაში მოხვედრის შესახებ ოჯახის წევრებმა რუსულ მედიაში გავრცელებული კადრებიდან გაიგეს. 

მარიუპოლში დატყვევებულ სხვა სამხედროებთან ერთად მარიანა მამონოვა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ელენოვკას კოლონიაში იყო მოთავსებული. 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეეცადა მამონავას გამოხსნას, თუმცა ბოლო მომენტში რუსებმა ქალი ტყვეების ავტობუსიდან ჩამოსვეს. 

მარიანა მამონოვა რუსეთს და უკრაინას შორის შემდგარი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. მათ შორის რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ აზოვის მეთაურებიც, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი და უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის კაპიტანი, სერგეი ვალინსკი. 

რუსულ ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის მამონოვას გარდა, კიდევ 2 ორსული ქალია - იანა შუმოვეცკა და ანასტასია ჩერნენკა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით მარიანა მამონოვა უკრაინაში არ იმყოფება - მაღალი ალბათობით მამონოვა აზოვის სხვა მებრძოლებთან ერთად თურქეთში იმყოფება. 

 

 

მსგავსი სიახლეები