დმიტრი მურატოვი: 2021 წელი რუსი ჟურნალისტებისთვის კოშმარული იყო
2021 წელი რუსეთში დამოუკიდებელი მედიისთვის „კოშმარული წელი“ აღმოჩნდა, აცხადებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი.
წამყვანი რუსული დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა მწვავედ გააკრიტიკა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი:
„[აგენტობა] ბინძური სტიგმაა, რომელსაც ხელისუფლება ყველა თავის ოპონენტს აკერებს.“
მურატოვმა რუსეთში თავისუფალი მედია „ერთგვარ პარლამენტად“ მოიხსენია, "სადაც რეალური პარლამენტი ხალხს არ წარმოადგენს.“
„ჩვენი [დამოუკიდებელი პრესის] აუდიტორია ძალიან დიდია - სოციალურ მედიას რუსეთში 30 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს“, - განაცხადა ნობელიანტმა ინტერვიუში.
გასულ თვეებში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ათეულობით მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადა, რაც მათთვის სხვადასხვა სამართლებრივი შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს.
რუსეთში კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ 2012 წელს მიიღეს, თუმცა მისი უფრო აქტიურად გამოყენება ხელისუფლებამ 2020 წლიდან დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კრემლი კანონმდებლობას პოლიტიკურ ოპონენტებზე წნეხის გასაძლიერებლად იყენებს.