რუსებმა კრივი რიჰში სასტუმრო დაბომბეს: დაიღუპა 4 ადამიანი

5 მარტს, საღამოს, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ქალაქ კრივი რიჰზე, დნეპროპეტროვსკის ოლქში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა. დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა კიდევ 31, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულთა უმეტესობა ჰოსპიტალიზებულია, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რის შედეგადაც მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
მისი თქმით, სასტუმროს გარდა, დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, კულტურის სახლი, 12 მაღაზია და 20-მდე მანქანა. მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ.
შეტევამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხეზე მოსახლეობა გააფრთხილეს.
კრივი რიჰი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლიური ქალაქია და რუსეთი სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ მას რეგულარულად ბომბავს.
ათი დღით ადრე, 23 თებერვლის ღამეს, ქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. კრივი რიჰი ფრონტის ხაზის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.
6 მარტს, ღამით, სუმიზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულების თქმით, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა ერთ-ერთი საწყობი დაბომბა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რეგიონული პოლიციის ცნობით, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც საწყობში დაცვის თანამშრომელი იყო.