რუსული წყაროები კონფლიქტის ზონაში მეშვიდე რუსი გენერლის სიკვდილზე იუწყებიან
რუსული წყაროები ადასტურებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის 14-ე არმიის უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორ ვლადიმირ ზავადსკის სიკვდილს.
ზავადსკის სიკვდილის შესახებ პირველი ცნობები დახურულ რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა. ამ წყაროების მიხედვით ზავადსკი კონფლიქტის ზონაში ნაღმზე აფეთქების შედეგად მოკვდა.
უკვე 29 ნოემბერს ზავადსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პუტინთან დაახლოებული მართლმადიდებელი ოლიგარქისა კონსტანტინ მალოფეევის მედიარესურსმა. ამ წყაროს ცნობით, გენერალ-მაიორი ხარკივის ოლქში დაიღუპა.
სხვა წყაროების ცნობით, ზავადსკი შესაძლოა დნეპრის ოკუპირებულ ნაპირზე, სოფელ კრინკის მიდამოებში მოკვდა - აქ რუსეთის არმია რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს ЗСУ-ს მიერ დაკავებული პლაცდარმის ლიკვიდაციას.
2018-2021 წლებში ზავადსკი მოსკოვის ერთ-ერთი სატანკო დივიზიის მეთაურის პოსტს იკავებდა, ხოლო სიკვდილის მომენტში 14-ე არმიის მეთაურის მოადგილედ მსახურობდა. უკრაინული წყაროების ცნობით, აღნიშნული არმიის დანაყოფები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში მოქმედებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზავადსკის სიკვდილის შესახებ ცნობების კომენტირებაზე უარს ამბობს.
კონტექსტი
გავრცელებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში ზავადსკი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კონფლიქტის ზონაში დაღუპული მეშვიდე რუსი გენერალია.
სრულმასშტაბიანი ომის პირველი 4 თვის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 4 რუსი გენერალი მოკლეს. ამის შემდეგ გენერლების ლიკვიდაციის შესახებ ცნობები თითქმის 1 წლის განმავლობაში არ გავრცელებულა.
მიმდინარე წლის ივნისიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის მიმდინარეობის ფარგლებში ცნობილია 2 ლიკვიდირებული რუსი გენერლის შესახებ. ესენი არიან 35-ე არმიის შტაბის უფროსი, სერგეი გორიაჩევი და სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, ოლეგ ცოკოვი.