საფრანგეთის შსს მინისტრი: მელონის მიგრაციის პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრს "იმიგრაციის პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია."
ამ განცხადებამ, საფრანგეთსა და იტალიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაამწვავა.
4 მაისს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ანტონიო ტაიანიმ პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ Le Monde წერს.
პარალელურად, ანტონიო ტაიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებს გამოეხმაურა, რომელსაც მიუღებელი უწოდა.
"იტალიის მიმართ მინისტრ ჟერალდ დარმანინის მიერ გამოთქმული შეურაცხყოფა მიუღებელია. ეს არ არის სულისკვეთება, რომლითაც საერთო ევროპული გამოწვევები უნდა მოვაგვაროთ."- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
რადიო RMC-ის პროგრამა Les Grandes Gueules-ში საფრანგეთის შსს-ს მინისტრმა აღნიშნა, რომ "მელონი ლე პენს ჰგავს, მას ირჩევენ პლატფორმით 'უბრალოდ შენ დაელოდე და ნახავ."
როგორც ჩანს, საფრანგეთის ხელისუფლებაში ლე პენსა და მელონის ხშირად ადარებენ.
ამ საკითხზე, იტალიის პრემიერ-მინისტრს უფრო რადიკალური ნაბიჯებისკენ იტალიის შიგნითაც მოუწოდებენ.ჯორჯა მელონის კოალიციური პარტნიორი, ულტრამემარჯვენე "ლეგა ნორდი" მიგრაციაზე უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა ემიგრანტების ზრდამ განაპირობა. წლის დასაწყისიდან, იტალიის სანაპიროებზე - 42,400 მიგრანტი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 11,200 იყო.
სიტუაციის არასათანადოდ მართვის გამო, იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამავე საკითხზე, საფრანგეთის მთავრობას მემარჯვენე ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს, რომლის პასუხადაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ პოლიციის, საბაჟო და სამხედრო პერსონალის კოორდინაციით ახალი "სასაზღვრო ძალა" შეიქმნება.