საჰაერო თავდაცვის განახლების ინიციატივა "ცის ფარს" ესტონეთი და ლატვია უერთდებიან
საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებისთვის, ესტონეთი და ლატვია გერმანიის მიერ დაწყებულ ევროპული ცის ფარის ინიციატივას უერთდებიან.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, ჰანო პევკურმა და ინარა მურნიეჩემ, გერმანელი კოლეგის ბორის პისტორიუსის თანდასწრებით, ხელი მოაწერეს დეკლარაციას ამ პროექტში გაწევრიანების შესახებ.
ამ ინფორმაციას გერმანული თავდაცვითი კომპანია Diehl Defence-ის პრესსამსახური ორშაბათს, 11 სექტემბერს ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ესტონეთი და ლატვია აპირებენ ერთობლივად შეიძინონ საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T SLM.
შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას Diehl Defense-თან, რომელიც ამ სისტემებს აწარმოებს.
"ბალტიისპირეთის ორი ქვეყნისთვის ეს არის ყველაზე დიდი თავდაცვითი ინვესტიცია მათი დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში," - თქვა გერმანულმა კომპანიამ.
"შესყიდვა რეკორდული ტემპით, მაღალ კონკურენტულ გარემოში გაფორმდა, რამაც საშუალება მოგვცა უმოკლეს დროში და ხელმისაწვდომ ფასად მოგვეწოდებინა საჭირო შესაძლებლობები. ეს პროცესი მოიცავდა თანამშრომლობას ესტონურ და ლატვიურ ორგანიზაციებს შორის კომპლექსური განვითარებისთვის. ახლა საჭიროა პროექტის ფრთხილი მენეჯმენტი, რათა უზრუნველვყოთ პირველი სისტემების მიწოდება და ექსპლუატაცია 2025 წელს." - თქვა ესტონეთის თავდაცვის საინვესტიციო ცენტრის (ECDI) გენერალურმა დირექტორმა მაგნუს-ვალდემარ საარმა, რომელიც შესყიდვების პროცესს ხელმძღვანელობს.
რა არის ცის ფარი?
ცის ფარი ევროპული საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სახმელეთო სისტემის შექმნის პროექტია, რომელიც ბერლინმა 2022 წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დროისთვის პროექტში გაწევრიანების სურვილი 19 ევროპულმა სახელმწიფომ გამოთქვა, მათ შორის ნატოს 17 ქვეყანა, ასევე ავსტრია და შვეიცარია.
ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივისა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გასაძლიერებლად.
Diehl Defense-ის მიერ წარმოებული სისტემა IRIS-T SLM ეფექტურია თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ფრთოსანი რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ 40 კმ-მდე მანძილზე და 20 კმ-მდე სიმაღლეზე.