საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ჩინეთმა სანქცია დაუწესა

22 მარტს ევროკავშირის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ოფიციალურმა პეკინმა საპასუხო ზომებით უპასუხა, რომელიც კონკრეტულ პირებს შეეხო. მათ შორის არის რაფაელ გლუქსმანი - მოქმედი ევროპარლამენტარი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

 

რატომ დაუწესა სანქციები ევროკავშირმა ჩინეთს?

ევროკავშირმა სანქციები სინძიანის პროვინციის 4 მაღალჩინოსანს დაუწესა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მუსლიმური უმცირესობის, უიღურების მიმართ ჩადენილ დანაშაულებში. 

სანქცირებულია სინძიანის საჯარო უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ჩენ მინგგუო, რომელიც ევროკავშირის განცხადებით პასუხისმგებელია “ადამიანის უფლებების სერიოზულ  დარღვევებზე.” მას და კიდევ 3 პირს მოგზაურობა აეკრძალათ და მათი აქტივები გაიყინა. თუმცა, ევროკავშირმა ამ სიაში არ შეიყვანა პროვინციის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ჩენ ცუენკუო, რომელიც ამერიკული სანქციების სიაშია.

 

როგორ უპასუხა ჩინეთმა სანქციებს?

პეკინმა სწრაფად უპასუხა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. კომუნისტურმა მთავრობამ შეზღუდვები დაუწესა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩს და სხვა პოლიტიკურ ფიგურებს.

 

ჩინეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან ევროპარლამენტის 5 წევრი. მათ შორის, პარლამენტის ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი რაინჰარდ ბუტიკოფერი, მიშელ გალერი, რაფაელ გლუქსმანი, ილჰან კიუჩიუკი და მირიამ ლექსმანი. გარდა ამისა, სანქცირებულია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომეტიტი.

 

“ჩამოთვლილ ინდივიდებს და მათ ოჯახებს ეკრძალებათ ჩინეთში, ჰონგ კონგში და მაკაოში ვიზიტი,” განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის პრეს სპიკერმა. “მათ და მათთან ასოცირებულ კომპანიებს ასევე ეკრძალებათ ჩინეთში ბიზნესის კეთება.”

 

პეკინის სამიზნე აღმოჩნდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ორგანიზაცია “დემოკრატიების ალიანსის ფონდი” დანიაში.

 

ვინ არის რაფაელ გლუქსმანი?

ევროპარლამენტის მემარცხენე-ცენტრისტი წევრი რაფაელ გლუქსმანი ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, ანდრე გლუქსმანის შვილია. ევროპარლამენტარი 2005-12 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. გლუქსმანი არის რამდენიმე წიგნის ავტორი. 2018 წელს მან დააფუძნა მემარცხენე-ცენტრისტული პარტია “საჯარო ადგილი” (Place Publique), რომელმაც 2019 წელს სოციალისტურ პარტიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში. მემარცხენეების ერთიანმა სიამ ხმების 6.2% და 6 მანდატი მიიღო. 

 

გლუქსმანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის და ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრია. ის განსაკუთრებულ აქცენტს სინძიანის “ხელახალი აღზრდის” ბანაკებში ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე აკეთებს.

მსგავსი სიახლეები