სამთავრობო მედია: ბლინკენის თანაშემწეს ივანიშვილის სანქცირების პაკეტი ჩამოაქვს

პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეარხ იმედის ცნობით, თბილისისკენ მომავალ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო' ბრაიენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. 

"საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო' ბრაიანი ჩამოდის. არსებული ინფორმაციით მას ჩამოაქვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ო' ბრაიენსა და ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს - გაითვალისწინონ მისი თხოვნა და შეარბილონ პოზიციები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით",- ნათქვამია ახალი ამბების 17-საათიანი გამოშვების წამყვანის ტექსტში. 

სიუჟეტში არ არის დაკონკრეტებული თუ რა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ეს ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ ტვ იმედის ვებ-გვერდიდან უკვე წაიშალა ამ ამბისთვის მიძღვნილი ახალი ამბავის ჩანაწერი. 

კონტექსტი 

ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მაღალჩნინოსნების სანქცირების მოწოდებები დასავლეთში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქართულმა ოცნებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი ხელახლა დააინიცირა. 

უკვე თითქმის 1 თვეა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში მასობრივი საპროტესტო მოძრაობააა. სანქცირების და მკაცრი ზომების მოთხოვნები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დემონსტრანტების მიმართ პოლიციელების სასტიკი მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა. 

საპროტესტო აქცია უწყვეტად მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში, გარდა ამისა სტუდენტთა საპროტესტო მარშები იმართება ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში. 

დღესვე გავრცელდა ევროკავშირის წევრი 12 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისადმი გაგზავნილ წერილში. 

ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც 10 მაისითაა თადარიღებული მინისტრები გამოთქვამენ წუხილს, რომ საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესი საფრთხეშია. 

დღესვე გავრცელდა თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებაც - გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, "საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუ პარლამენტი კანონს უკან არ გაიწვევს."

დღესვე რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოუწოდა ჟოზეპ ბორელს დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი. 

მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ხელახალ ინიცირებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე წარმომადგენლობით დონეზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერთა რეგულარული განცხადებების გარდა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე დღის გამოეხმაურა ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიც. 

გარდა ამისა გავრცელდა 14 სენატორის წერილი ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელშიც ზედა პალატის წარმომადგენლები კანონის მიღების შემთხვევაში აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვის შესახებ აფრთხილებდნენ. 

11 მაისს გავრცელდა 28 კონგრესმენის წერილიც, რომელშიც ისინი ივანიშვილის მთავრობას ლუკაშენკოს რეჟიმისთვის დაწესებული სასანქციო პოლიტიკის შანსებზე აფრთხილებდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები