სამუშაო ასაკის 3 მილიონამდე უკრაინელი საზღვარგარეთ იმყოფება - უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

რუსეთის აგრესიის გამო საზღვარგარეთ 6.4 მილიონზე მეტი უკრაინელი წავიდა, აქედან 3 მილიონამდე სამუშაო ასაკისაა. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტატიანა ბერეჟნაიამ განაცხადა, მას "Интерфакс-Украина" ციტირებს.

"უკრაინიდან წასული ადამიანების დიდი უმრავლესობა ქალები, ბავშვები და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან. ILO-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) მონაცემებით, 2.75 მილიონი ლტოლვილი სამუშაო ასაკისაა", - თქვა ბერეჟნაიამ.

მან დასძინა, რომ ამ უკრაინელების ორ მესამედს აქვს უმაღლესი განათლება და თითქმის ნახევარი (49%) დასაქმებული იყო მაღალკვალიფიციურ პროფესიებში.

მოსახლეობის მონიტორინგის სისტემის მიხედვით, მობილური ოპერატორების მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის ფარგლებს გარეთ 2022 წლის აპრილ-სექტემბერში ყოველდღიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იყო. ამ მაჩვენებელმა 2022 წლის 25 სექტემბერს 3.2 მილიონს მიაღწია.

უკრაინის გარეთ მყოფთა 42% დასაქმებული იყო, 17% უმუშევარი, 8% სტუდენტი, 23% პენსიონერი, 10% ვერ დადგინდა.

მობილური ოპერატორების მონაცემებით, 7% 20 წლამდე ასაკისაა, 11% - 20-29 წლის, 21% - 30-39 წლის, 16% - 40-49 წლის, 33% - 50 წელზე უფროსი, 12% - ვერ განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები