სანქციების გამო გაკოტრების რისკზე 20-ზე მეტმა რუსულმა კომპანიამ განაცხადა
ოცზე მეტმა მსხვილმა რუსულმა ინდუსტრიულმა კომპანიამ, მათ შორის სამშენებლო და საავტომობილო მრეწველობის წარმომადგენლებმა, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა, გაუგზავნეს წერილი მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელს, ანტონ ალიხანოვს, რომელშიც აცხადებდნენ, რომ მათ გაკოტრება და წარმოების შეჩერება ემუქრებათ კრიტიკულად საჭირო ნედლეულის საზღვარგარეთ შეძენის შეუძლებლობის გამო.
ამის შესახებ РБК წერს.
შეშფოთების მიზეზი არის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ბოლო, მეთოთხმეტე პაკეტი, რის შედეგადაც შეწყდა მნიშვნელოვანი მასალების მიწოდება აშშ-დან, ევროპიდან, იაპონიიდან და ახლახან ჩინეთიდან.
საუბარია უპირველეს ყოვლისა პოლიმეთილენის ფენილის იზოციანატებზე, რომლებიც გამოიყენება მაცივრების, ავტონაწილების, მილების, პოლიურეთანის ქაფების, დალუქვისა და თვითგათანაბრებადი იატაკის წარმოებაში.
წერილში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული იმპორტზე.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ მასალების ამჟამინდელი მარაგი მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იქნება საკმარისი და ჯერ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა მომწოდებლებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ სანქციების გვერდის ავლას, კერძოდ, საუდის არაბეთთან.
РБК-ს ცნობით, მათ შორის, ვინც დაუკავშირდა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, არიან კომპანიები Технониколь, Беко, Вератек, РусТА და Верахим.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეთოთხმეტე პაკეტი 2024 წლის 24 ივნისს მიიღეს. ის მოიცავს უამრავ პუნქტს, რომელიც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ადრე შემოღებული სანქციების გვერდის ავლა.