"საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის" - The Economist-ის სტატია
"საქართველო კრემლის ორბიტაზე გადადის",- სტატია ამ სათაურით The Economist-ში გამოქვეყნდა.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
თბილისის აეროპორტიდან მიმავალი გზა ძველი ქალაქისკენ, რომელიც სავსეა მოკირწყლული ქუჩებით, ორნამენტული აივნებით, და სადაც ხინკლისა და ხაჭაპურის მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებს, ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს.
ის პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც 2005 წელს პატარა კავკასიურ ქვეყანას ესტუმრა, მადლობა გადაუხადა ერაყში სამხედროების გაგზავნისთვის და მიესალამა იქ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
ბატონმა ბუშმა საქართველოს "თავისუფლების შუქურა" უწოდა, ხოლო მის ახალგაზრდა და მოუსვენარ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ძალაუფლებაში 2003 წლის პირველი "ფერადი" რევოლუციის შემდეგ მოვიდა, უთხრა, რომ "ამერიკის სახით ძლიერი მეგობარი ჰყავთ."
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე მიერთებაზე უარის თქმის გამო, დღევანდელ დღეს, საქართველოს კრემლი აქებს, ქვეყანას, რომელშიც 2008 წელს შეიჭრა.
55 წლის მიხეილ სააკაშვილი, თბილისის გარეუბანში არსებულ საავადმყოფოში, მეთვალყურეობის ქვეშ არის, სადაც ის დემენციასა და კუნთების ატროფიას ებრძვის. დედამისი, რომელიც მას ყოველდღიურად სტუმრობს, ამბობს, რომ სააკაშვილს მეხსიერებაში ჩავარდნები აქვს, ხოლო გადასაადგილებლად ყავარჯენი ესაჭიროება.
"ჩემი ჯანმრთელობა ტრაკშია"- ასე უპასუხა წერილობით, მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენს კორესპონდენტს. "ყველა სახიფათო სიმპტომის მიუხედავად, ყველაზე მეტად სასოწარკვეთილებაში მეხსიერების საშინელი დაქვეითება მაგდებს."
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ იგი მოწამლეს და ამბობს, რომ იგი მცირე ხნით კომაში ჩავარდა, მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ სხვა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დეკემბერში მისმა დაცვის გუნდმა წარმოადგინა ტოქსიკოლოგიური დასკვნა, სადაც წერია, რომ მის სხეულში მძიმე მეტალებია, რის შემდეგაც ტოქსიკოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი მოწამლული იყო. 31 იანვარს მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს, რაც ხელისუფლებამ უარყო.
მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა საქართველოს მოდერნიზება, თუმცა ამავდროულად, სკანდალებსა და რეპრესიებშიც გაიხლართა. 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, იმის შიშით, რომ ბიძინა ივანიშვილი დააპატიმრებდა.
ბიძინა ივანიშვილი კარჩაკეტილი ბიზნესმენია, რომელმაც ფული რუსეთში დააგროვა, მცირე ხნით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იყო და მას შემდეგ აგრძელებს საქართველოს მართვას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.
ბატონი სააკაშვილი, რომელსაც მოგვიანებით მოქალაქეობა ჩამოართვეს, გადავიდა უკრაინაში, მიიღო ამ ქვეყნის პასპორტი, მაგრამ 2021 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
მას იმედი ჰქონდა, რომ თავის მხარდასაჭერად პროტესტის მობილიზებას შეძლებდა, ამის მაგივრად კი დააპატიმრეს. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მას დაუსწრებლად ჰქონდა 6 წელი მისჯილი.
საქართველოს გარეთ მკურნალობის მოტივით, ევროპარლამენტმა და ვოლოდიმირ ზელინსკიმ, უკრიანის პრეზიდენტმა, სთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაეთავისუფლებინათ სააკაშვილი, რომელიც წარსულში ოდესის გუბერნატორის თანამდებობასაც იკავებდა და ამ დრომდე უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა.
Amnesty International-ის თანახმად, მისი პატიმრობა და არასათანადო მოპყრობა, როგორც ჩანს პოლიტიკური რევანში და ვლადიმერ პუტინისთვის კოჭის გაგორებაა, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს მოკლე ომი აწარმოა და სააკაშვილს "ყვერებით" ჩამოკიდებას დაპირდა.
ქართული ოცნება, სახელისუფლებო პარტია, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაარსა, ძალაუფლებას არეულობისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით ინარჩუნებს. სააკაშვილის პოლიტიკით იმედგაცურების მიუხედავად, ქართველებს არ მოსწონთ მის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა.
"ხალხი უფრო მეტად მხარს უჭერს საკააშვილს, როგორც პატიმარს, ვიდრე სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს,"- ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, ქართველი სოციოლოგი.
სააკაშვილის მიმართ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობა ამცირებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შანსებს. სხვა შემთხვევები, სადაც კანონის უზენაესობა შეილახა, მოიცავს ნიკა გვარამიას საქმეს, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა და რომელიც ღიად გაყალბებული ბრალდებებით დააპატიმრეს. პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებენ. საქართველოს მცდელობა, მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში, უკან 12 მოთხოვნით დააბრუნეს, რომლის შესსასრულებლად, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.
"საქართველო აშშ-სა და დასავლეთის საყვარელი სათამაშო იყო. ახლა სათამაშოა გაფუჭდა და ყურადღებას არავინ აქცევს," - ამბობს შოთა უტიაშვილი, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად თბილისში დაფუძნებული სტრატეგიული და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტუტის მკვლევარი.
ქართული ოცნება არის კოალიციაში პარტიის ყოფილ წევრებთან, რომლებმაც პარლამენტში უფრო რადიკალური და უკიდურესად ანტი-დასავლური მოძრაობა, ხალხის ძალა წამოიწყეს. მათი რიტორიკა და ინიციატივები, მათ შორის კანონპროექტი უცხოეთის აგენტების შესახებ, კრემლის ტაქტიკის ზუსტი ასლია. ამ მოძრაობის წევრებმა აშშ საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაშიც დაადანაულეს.
საქართველო ჯერ კიდევ გაცილებით უფრო ნაკლებად ავტორიტარულია, ვიდრე რუსეთი ან ბელარუსი, თუმცა აქტიურად მიიწევს კრემლის ორბიტისკენ. ვლადიმირ პუტინის დასაყვავებლად საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, შეერთდებოდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და უკრაინისთვის 2008 წელს გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემები დაებრუნებინა.
"არ მესმის, რატომ მიეჯაჭვა საქართველოს მთავრობა კრემლს", - განაცხადა ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტით მყოფმა ბენ ჰოჯესმა - ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფილმა მეთაურმა.
ბევრი ქართველი ამის წინააღმდეგია. ხშირია უკრაინის დროშები, ისევე როგორც წარწერები კედლებზე - "საქართველო უკრაინაა, უკრაინა საქართველოა." ბატონი კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს სენტიმენტი თბილისის ლიბერალურ საშუალო კლასს მნიშვნელოვნად სცდება. სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის მხარეს ომში 1000-მდე ქართველი მოხალისე იბრძვის.
მაგრამ ასითივე ღრმაა ტრავმა და შიში, რომელსაც ივანიშვილის პარტია იყენებს. საქართველოს მთავრობამ გადაიტანა უკრაინის მხარდასაჭერი საპროტესტო გამოსვლები. ოპოზიციის მარგინალიზაცია კი იმ არგუმენტით მოახდინეს, რომ ისინი ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობენ.
დიდ სურათს უფრო მეტად ართულებს რუსეთის 100 ათასი მოქალაქე, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს - ისინი გამოექცნენ იმავე რეჟიმს, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ცხინვალსა და აფხაზეთში. უმეტესად, ესენი არიან განათლებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას, მაგრამ არ ერევიან ქართულ პოლიტიკაში.
არსად უფრო თვალნათლივ არ ჩანს ახალი ალიანსები და განხეთქილებები იმაზე უკეთ, ვიდრე გორში, ქალაქში, სადაც სტალინი დაიბადა. გორის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საქართველოში დაბადებული საბჭოთა დიქტატორის მუზეუმია. გასულ წლებში მთავრობამ ქალაქის მოედნიდან აიღო სტალინის ძეგლი და გეგმავდა, მისი მუზეუმი სტალინიზმის დაგმობის ილუსტრაციად გადაექცია.
მაგრამ მუზემის თვალსაჩინოდ შეწუხებული გიდი რუსულენოვან ტურისტებს ეუბნება, რომ ეს გეგმა გაუქმდა - "მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება დატოვა, დე-სოვიეტიზაცია და დე-სტალინიზაცია საქართველოში შეჩერებულია."
ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით სტალინის ათამდე ძეგლი და ბიუსტი აღიმართა. დიქტატორი, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებს საქართველოს ოკუპირებაში ეხმარებოდა და დაანგრია საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა, დღეს ქართველ გმირად საღდება. კრემლი ნასიამოვნები უნდა იყოს.