სარ: ბედნიერი ვიქნებით, თუ პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩამოვა

რუსეთმა უარი თქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც BRICS-ის სამიტზე რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებდა. 

ამგვარი წინადადადების მიზეზი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერია. სამხრეთ აფრიკა, რომელიც აგვისტოში გასამართი სამიტის მასპინძელი ქვეყანაა, ამავდროულად რომის სტატუტის ხელმომწერიცაა. აქედან გამომდინარე ქვეყნის მთავრობა ვალდებულია დაპატიმროს და ნებისმიერი პირი, რომელზეც დაპატიმრების ორდერია გაცემული. 

შიდა მოლაპარაკებების შესახებ სამხრეთ აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა, პოლ მაშატილემ Mail&Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

მაშატილეს თქმით, სამიტზე პუტინის დასწრებასთან დაკავშირებით დისკუსია ამ დრომდე გრძელდება - "ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი რომის სტატუტთან არის დაკავშირებული, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ვიღაც დაპატიჟოთ ქვეყანაში და შემდეგ დააპატიმროთ. ჩვენ ბედნიერი ვიქნებით, თუ პუტინი არ ჩამოვა."

მაშატილეს თქმით, საკითხის სირთულიდან გამომდინარე ქვეყნის მთავრობამ პარტნიორების სამიტის ჩინეთში ჩატარების წინადადებითაც მიმართა, თუმცა ამაზე უარი თქვეს ჩინეთმა და ბრაზილიამ. 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, სამხრეთ აფრიკის მთავრობა პრობლემის თავიდან ასაცილებლად პუტინის დასწრების 3 ვარიანტს განიხილავდა - ერთ-ერთის მიხედვით რუსეთის დელეგაციას სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩაუდგებოდა სათავეში. ამ წინადადებაზე უარი თავად კრემლმა თქვა. 

მეორე ვერსიის მიხედვით განიხილებოდა პუტინის მონაწილეობა ვიდეო ჩართვის ფორმატში. ხოლო მესამე სამიტის ჩინეთში გადატანა იყო. 

კონტექსტი 

უკრაინელი ბავშვების უკანანო გატაცების ბრალდებით ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი 17 მარტს გასცა. 

ჯერჯერობით კრემლში არ დაუზუსტებიათ აპირებს თუ არა ვლადიმირ პუტინი სამიტზე პირადად გამგზავრებას. სამხრეთ აფრიკის მთავრობაში ამბობენ, რომ სამიტის ყველა მონაწილეს დიპლომატირი იმუნიტეტი ექნება, რაც იურიდიულად გაათავისუფლებს მათ პუტინის დაპატიმრების ვალდებულებისგან. 

მსგავსი სიახლეები