შარაა ერდოღანთან სირიაში თურქეთის ავიაბაზის საკითხს განიხილავს - TOI
სირიის გარდამავალი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა და თურქეთის პრეზიდენტი დღეს ანკარაში განიხილავენ ერთობლივი თავდაცვის პაქტის ხელმოწერას, რაც მოიცავს ცენტრალურ სირიაში თურქეთის ავიაბაზების მშენებლობას და სირიის ახალი არმიის წვრთნას.
ამ ინფორმაციას The Times of Israel ამ საკითხზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულ და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც დეკემბრის ბოლოს ელვისებური შეტევის შედეგად დაამხეს.
ანკარა ახალ სირიაში ცენტრალურ როლს ითამაშებს, რათა ასადის მხარდამჭერი ირანისა და რუსეთის ვაკუუმი შეავსოს. ეს ახალი რეგიონული კონფლიქტის რისკებს აჩენს სხვა რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის, ისრაელთან.
გამოცემის წყაროების ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ლიდერი თურქეთთან სტრატეგიული თავდაცვის ელემენტებს განიხილავს.
შეთანხმების თანახმად, თურქეთმა შეიძლება შექმნას ახალი ავიაბაზები სირიაში, გამოიყენოს სირიის საჰაერო სივრცე სამხედრო მიზნებისთვის და წამყვანი როლი ითამაშოს სირიის ახალი არმიის წვრთნაში.
სირიის ახალმა ხელისუფლებამ ასადის არმია დაშალა და სხვადასხვა ოპოზიციური სამხედრო ფრაქციების ახალ სამხედრო სარდლობაში ინტეგრირებაზე მუშაობს.
წყაროები ამბობენ, რომ შეთანხმებას ხელი დღეს არ მოეწერება.