შინ ფეინი: დრო, როცა იუნიონისტები უმრავლესობაში იყვნენ, წარსულს ჩაბარდა

 

დემოკრატიულ იუნიონისტური პარტია ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე ცვლილებებს ვერ შეაჩერებს, ირლანდიის რესპუბლიკის პარტია „შინ ფეინის“ ლიდერმა მერი ლოუ მაკდონალდმა პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს განუცხადა.

„მათ, ვინც წარსულისკენ ილტვის, აწმყოსთვის ძირის გამოთხრა სურს და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის, უნდა გააცნობიერონ, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია“, - ასე მიმართა მაკდონალდმა იუნიონისტებს, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ემხრობიან.

„შინ ფეინის“ თავმჯდომარემ, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტში მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, ირლანდიის მთავრობას ჩრდილოეთი ტერიტორიის რეფერენდუმის გზით შემოერთების განხილვისკენ მოუწოდა.

ცოტა ხნის წინ, „შინ ფეინის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიშელ ო’ნილმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში იუნიონისტებმა უმრავლესობა დაკარგეს და დროა, რომ „ძალთა ბალანსი გადაისინჯოს“.

„შინ ფეინის“ დობილი პარტია, რომელიც ბელფასტში მის განშტოებას წარმოადგენს, ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტში ხუთპარტიული კოალიციის შემადგენლობაშია და პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს აკონტროლებს.

 


ჩრდილო ირლანდიაში, რომელსაც პროტესტანტულ და კათოლიკურ თემებს შორის დაპირისპირების სისხლიანი ისტორია გააჩნია, ბოლო დროს სიტუაცია ე. წ. „პროტოკოლის“ გამო დაიძაბა.

„პროტოკოლი“ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ჩრდილო ირლანდიის ტერიტორიის მეზობელ ირლანდიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობას არეგულირებს. ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

მსგავსი სიახლეები