შოიგუს ყოფილი მოადგილე, მიზინცევი ვაგნერის მეთაურის მოადგილე გახდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხაილ მიზინცევი ჩვკ ვაგნერის მეთაურის მოადგილე გახდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული მედიები და Z-ბლოგერები ავრცელებენ. 

გუშინ, 4 მაისის Z-ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული მიზინცევი სროლისა და ბაყაყების ყიყინის ფონზე გაურკვეველ ადგილას, სავარაუდოდ ვაგნერის მებრძოლებს ესაუბრება.

გავრცელებულ კადრებში მიზინცევი სვამს კითხვებს ჩვკ ვაგნერის ტაქტიკურ და ოპერაციულ მიდგომებთან დაკავშირებით და იძლევა რჩევებს. 

კონტექსტი 

გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე მარიუპოლის ალყას ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადააყენეს. 

მიზინცევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არმიის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებაზე იყო პასუხისმგებელი და ამ თანამდებობაზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. 

მიხაილ მიზინცევმა უმაღლესი განათლება კიევის სამხედრო სასწავლებელში მიიღო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მიზინცევი თავდაცვის ძალების ნაციონალური შტაბის ხელმძღვანელის რანგში ქალაქ მარიუპოლის ალყას ხელმძღვანელობდა. 

სხვადასხვა მონაცემებით მარიუპოლში რუსეთის არმიის მოქმედებას ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ემსხვერპლა.

2022 წლის სექტემბერში შოიგუს ერთ-ერთი მოადგილის, დმიტრი ბულგაკოვის გადაყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს ეშელონებში საკადრო ცვლილების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა იყო. 

მიზინცევისა და პრიგოჟინის ახლო ურთიერთობების შესახებ ცნობები მანამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. 

მსგავსი სიახლეები