შოლცი: იმედი მაქვს 2034 წლისთვის ბალკანეთის ყველა ქვეყანა ევროკავშირში იქნება
ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო ევროკავშირს 2034 წლისთვის შეუერთდებიან.
"ათ წელზე ნაკლებ დროში ეს ექვსი სახელმწიფო საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ბერლინში, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე.
ის ასევე მიესალმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის საერთო ბაზრის შექმნის გეგმის შემუშავებას. შოლცმა "გამაღიზიანებელი" უწოდა, რომ რეგიონის მრავალი ქვეყანა უფრო მეტად ვაჭრობს გერმანიასთან, ვიდრე ერთმანეთთან. გერმანიის კანცლერმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად გააუქმონ სავაჭრო შეზღუდვები.
მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კოსოვოს ხელისუფლებაზე და ამ გეგმის ფარგლებში, ის სერბეთთან ვაჭრობისთვის გახსნის ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად ბელგრადმა და პრიშტინამ უთანხმოება უნდა მოაგვარონ. სერბეთის მთავრობა ჯერ კიდევ არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე მიესალმა დასავლეთ ბალკანეთის საერთო ბაზრის შექმნას. მისი თქმით, რაც უფრო მჭიდრო იქნება რეგიონალური ეკონომიკური კავშირები, მით მარტივი იქნება ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის საერთო ბაზარზე ინტეგრაცია.
ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ დასავლეთ ბალკანეთის თითოეული ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის სტანდარტების მიღებაში ცალკე განიხილება და ისინი ევროკავშირში ჯგუფურად ვერ შევლენ.
ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და მონტენეგროს ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას მათი შრომისა და სოციალური სტანდარტების ერთმანეთთან დაახლოების, აგრეთვე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური გაცვლის ხელშეწყობის მიზნით.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ელის, რომ მზად იქნება ევროკავშირს 2030 წლისთვის შეუერთდეს.