შოლცი: ნატო გაფართოებაზე უარს ვერ იტყვის
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნატოს გაფართოების შეჩერებაზე რუსეთის მოთხოვნებს უპასუხა.
"აღმოსავლეთ ევროპის ახალი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. რატომ ითხოვს ამას რუსეთი? ასეთი გარანტია შეუძლებელია არსებობდეს", - განაცხადა შოლცმა კვირას, 23 იანვარს, გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
”უსაფრთხოება და თანამშრომლობა ევროპაში, როგორც ჰელსინკის აქტშია ნათქვამი, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გავლენის სფეროები და წარმოდგენა, რომ ზოგიერთ ქვეყნებს არ აქვთ უფლება განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა”, - დასძინა მან.
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას შოლცმა განაცხადა, რომ „სიტუაცია ძალიან სერიოზულია“.
მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასი ათასი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა მიიყვანა.
”ამას გონივრული ახსნა არ აქვს - თქვა მან - ეს არის საფრთხე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”.
კანცლერმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი "მაღალ ფასს" გადაიხდის.