შოტლანდიის პრემიერი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამოცხადებას აპირებს
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამოცხადებას აპირებს.
რეფერენდუმის დანიშვნის გეგმების შესახებ სტერჯენი დღეს ჰოლირუდში, შოტლანდიის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს, წერს ბრიტანული მედია.
რეფერენდუმის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.
თუმცა, ანალიტიკოსები წერენ, რომ სტერჯენმა საკითხის გატანა შესაძლოა ვესტმინსტერის ნებართვის გარეშე სცადოს.
დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი შოტლანდიაში 2014 წელს გაიმართა.
მაშინ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას მხარი შოტლანდიელების 55 პროცენტმა დაუჭირა.
გასულ წელს შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს.
სტერჯენი აცხადებს, რომ შოტლანდიამ 2016 წელს ხმა „ბრექსითის“ წინააღმდეგ მისცა და შოტლანდიელებს ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ბრიტანეთის მმართველ პარტიაში 2014 წლის პრეცედენტზე მიუთითებენ, რომლის ორგანიზატორებიც აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმი „თაობაში ერთხელ“ გაიმართებოდა.
გამოცემა Politico-ს მონაცემებით, დამოუკიდებლობას მხარს შოტლანდიელების 44 პროცენტი უჭერს, 47 პროცენტი კი წინააღმდეგია.