შვედეთი: Nord Stream-ებზე მომხდარი აფეთქებები დივერსია იყო

Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე აფეთქებები "სერიოზული დივერსიის" აქტებია. ამ დასკვნამდე მივიდა პროკურორი, მატს იუნგკვისტი, რომელიც აფეთქებებზე შვედეთის წინასწარ გამოძიებას ხელმძღვანელობს.

"გამოძიების დროს ბალტიის ზღვაში დანაშაულის ადგილზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი მოკვლევა და საგულდაგულოდ შეგროვდა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ტერიტორიას (სადაც განხორციელდა დივერსია - რედ.)", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათ აღნიშნეს, რომ ანალიზებმა გაზსადენზე რამდენიმე ადგილას ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა აჩვენა.

"მიმდინარეობს სიღრმისეული ანალიზი ინციდენტის შესახებ უფრო სანდო დასკვნების გამოსატანად", - თქვა მატს იუნგკვისტმა.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

გარდა ამისა, ცალკე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ იუნგკვისტმა და მისმა კოლეგამ, პერ ლინდკვისტმა, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების პროკურატურიდან ორ მამაკაცს ბრალი წაუყენეს რუსეთის სასარგებლოდ ფართომასშტაბიანი ჯაშუშობისთვის. ერთ-ერთ მათგანს ასევე ბრალად ედება გასაიდუმლოებული ინფორმაციის "არასწორი გამოყენება".

საბრალდებო დასკვნაში მოცემული ინფორმაციის უმეტესობა კონფიდენციალურია, ამიტომ პროკურორებს გამოძიების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე შეზღუდვა ექნებათ, აცხადებენ პროკურატურაში.

ეს არის ძალიან "სერიოზული დანაშაული შვედეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ", - განმარტეს მათ.

"თუ მიღებული ინფორმაცია გადაეცემა, გამჟღავნდება ან მიეწოდება უცხო ძალას, ეს შეიძლება საზიანო იყოს შვედეთის უსაფრთხოებისთვის", - თქვა პერ ლინდკვისტმა.

ბრალდებულები პატიმრობაში 2021 წლის სექტემბრიდან და ნოემბრიდან იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები